სკოლის დამამთავრებელი გამოცდები მე-12 კლასელებსაც მოეხსნებათ – პრემიერი

პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძის ინიციატივით, მე-12 კლასელებს დამამთავრებელი გამოცდა სკოლებში მიმდინარე სასწავლო წლიდან მოიხსნება.

როგორც მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, პრინციპულად სწორი მიდგომა იყო საატესტატო გამოცდების მოხსნასთან დაკავშირებით განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება, რომელიც შეეხება 2018 – 2019 სასწავლო წელს მე-11 კლასელებს, ხოლო 2019 – 2020 სასწავლო წელს მე-11 და მე-12 კლასელებისთვის.

“ეს იყო პრინციპულად სწორი მიდგომა, თუმცა ბუნებრივია, ჩვენ გავაგრძელეთ ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები და მივიღე გადაწყვეტილება, რომ სკოლის დამამთავრებელი გამოცდები წელსვე მოეხსნათ, როგორც მე-11, ისე მე-12 კლასის მოსწავლეებს,“ – განაცხადა ბახტაძემ.

მისივე თქმით, მთავრობის პრიორიტეტი სკოლაში განათლების გაუმჯობესებაა. ქვეყანას სჭირდება ძლიერი და დამოუკიდებელი სკოლა, რომელიც ორიენტირებული იქნება განათლების მიღებაზე და არა იმაზე, რომ გამოცდებისთვის მოამზადონ  მომავალი თაობა.

მისივე თქმით, განათლების მიღება სკოლაში ყველაზე დიდი პრიორიტეტია, შესაბამისად, ხელისუფლების მიზანია, სკოლა და მისი ფუნდამენტი გააძლიეროს.

მსგავსი თემები