20 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე რვავე დაკავებულს პატიმრობა შეუფარდეს

მცხეთის საქალაქო სასამართლოში 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის ბრალდებით დაკავებულთა სასამართლო პროცესი დასრულდა. მკვლელობისთვის ბრალდებულ დავით ჯიჯეიშვილსა და კიდევ 7 ადამიანს, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

ჯიჯეიშვილმა დანაშაული აღიარა და მოსამართლეს განუცხადა, რომ კუკავა მის მიერ მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა. თუმცა, მან ხულიგნობის ნაწილში ბრალდება არ აღიარა.

დანარჩენი 7 ბრალდებულიდან 5 პირს ბრალი ჯგუფური ხულიგნობის ბრალდებით წარედგინა, რაც ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო 2 პირს ბრალდება ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლებით.

დავით ჯიჯეიშვილის ბრალდება – ხულიგნობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დანის გამოყენებით, 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა ცხვარიჭამიაში, მეგობარი გოგონას დაბადების დღეზე მოხდა, სადაც სხვადასხვა უბნის ბიჭები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.  დავით ჯიჯეიშვილმა კი მირიან კუკავას (მოკლული) გულ-მკერდის არეში დანით ჭრილობა მიაყენა, ის შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

 

მსგავსი თემები