დაბადების დღეზე 20 წლის ახალგაზრდის მკვლელობისთვის ერთი 22 წლის ბიჭი დააკავეს

კიდევ ერთი დაბადების დღე დასრულდა ტრაგედიით. ცხვარიჭამიაში 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე პოლიციამ ერთი ადამიანი დააკავა. როგორც შსს-ში აცხადებენ, დაპირისპირება ახალგაზრდებს შორის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაიწყო. შედეგად კი მირიან კუკავას ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში მირიან  დაზიანება მიაყენეს, რასაც მისი გარდაცვალება მოყვა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხვარიჭამიაში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, 2000 წელს დაბადებული დ. ჯ. დააკავეს.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 28 ივლისს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში დაზიანება 2002 წელს დაბადებულ მ.კ.-ს მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მ.კ. მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, –  აცხადებენ  შსს-ში.

როგორც ახლობლები აცხადებენ, ცხვარიჭამიაში მეგობარი გოგონას დაბადების დღეს აღნიშნავდნენ, სადაც ფიზიკური დაპირისპირება ორი უბნის ბიჭებს შორის მოხდა. დაკავებულია დავით ჯიჯეიშვილი.

 

მსგავსი თემები