,,ერთადერთი რაც მათ ამოძრავებთ არის ხელისუფლებაში ძალადობრივი გზით დაბრუნება”- პრემიერი ოპოზიციაზე

ერთადერთი, რაც რადიკალურ ოპოზიციას ამოძრავებს, არის ხელისუფლებაში ძალადობრივი გზით დაბრუნება, რაც დასრულდა ფიასკოთი და ყოველთვის დასრულდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, არავის მისცემენ საშუალებას, ქვეყანაში არეულობა შემოიტანოს.

„ჩვენი რადიკალური ოპოზიციის ხელწერა ყველასთვის ცნობილია. ჩვენი საჯარო შეთავაზების, ჩვენ მიერ გადადგმული ძალიან ბევრი კონსტრუქციული ნაბიჯის მიუხედავად, ყველანი გავხდით მომსწრენი, რომ რადიკალური ოპოზიცია არ თანამშრომლობს ხელისუფლებასთან. რა თქმა უნდა, მათი სურვილი არ არის კანდიდატის სტატუსის მიღება. აქვე მინდა, შევახსენო ყველას, რომ სწორედ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს 3 წლის დაგვიანებით იქნა დაწყებული ასოცირების შეთანხმების პროცესი, უვიზო რეჟიმის, თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე მოლაპარაკებები.

შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად გვესმის, რომ მათი რეალური მიზანი არ არის ჩვენი ევროპული გზა. ერთადერთი, რაც მათ ამოძრავებთ, ხელისუფლებაში ძალადობრივი გზით დაბრუნებაა, რაც, რა თქმა უნდა, დასრულდა ფიასკოთი და ყოველთვის დასრულდება, რადგან ჩვენ ვართ ძლიერი ხელისუფლება. ჩვენ არ დავუშვებთ პროვოკაციას და არავის მივცემთ საშუალებას, ქვეყანაში რაღაც არეულობა შემოიტანოს. თუ მათ სურთ, რეალურად თანამშრომლობა რაღაც გონივრული და პრაგმატული პოლიტიკის გათვალისწინებით და კონსტრუქციულ რეჟიმში უნდათ დიალოგის გამართვა, ამისთვის მზად ვართ, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ ნაცვლად პოლარიზების დასრულებისა, ყოველდღე ხელს უწყობენ პოლარიზების გაღვივებას. მოგეხსენებათ, პარლამენტში აბსოლუტურად გამჭვირვალე პროცესი მიმდინარეობს, შექმნილია სამუშაო ჯგუფები, მუშაობა დაწყებულია. რაც არის ჩვენზე დამოკიდებული, მაქსიმუმს გავაკეთებთ უმოკლეს ვადებში, რათა არც ერთ ჩვენს ევროპელ თუ ამერიკელ მეგობარს ჩვენზე არც ერთი კითხვა არ დარჩეს“, – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი თემები