საავტომობილო გზების დეპარტამენტმა  მაგისტრალის მშენებლობასთან დაკავშირებული საარბიტრაჟო დავა მოიგო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საფრანგეთის საერთაშორისო არბიტრაჟში სამი დავა მოიგო.

სამინისტროს ცნობით, დავები აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E-60) შემადგენელი სამტრედია-გრიგოლეთის პირველი და მესამე მონაკვეთებისა და ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთის მშენებელ კომპანიებთან მიმდინარეობდა.

,,დავები, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლობით და საერთაშორისო იურიდიული კომპანიების ჩართულობით, პარიზის საერთაშორისო არბიტრაჟში მიმდინარეობდა. არბიტრაჟმა სამივე დავა საავტომობილო გზების დეპარტამენტის სასარგებლოდ გადაწყვიტა და დეპარტამენტს, მიღებული ზიანის ანაზღაურების მიზნით, სამივე საარბიტრაჟო დავის ფარგლებში, დაახლოებით 187 მილიონი ლარი მიაკუთვნა,”- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ამასთან, უწყების ცნობით, ამჟამად, სამტრედია-გრიგოლეთის პირველ მონაკვეთზე სამუშაოებს ახალი სამშენებლო კომპანია აწარმოებს. სამუშაოების დასრულება 2022 წლის ბოლოს იგეგმება, ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთის მშენებლობა კი 2023 წელს დასრულდება.

 

მსგავსი თემები