3 თვეა ველოდებით პასუხს, 6 თებერვალს საკუთარი ინიციატივით მივდივარ პროკურატურაში – ზაზა სარალიძე

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მთავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვს და აცხადებს, რომ მას საკმარისი დროს ჰქონდა გაცნობოდა მისი შვილის მკვლელობის საქმის მასალებს. 

როგორც ზაზა სარალიძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მან თადუმაძეს წერილობით მიმართა, რომ სურდა მასთან შეხვედრა, მაგრამ მთავარი პროკურორისგან არც დადებითი და არც უარყოფითი პასუხი არ მიუღია.

ზაზა სარალიძე საკუთარი ინიციატივით 6 თებერვალს, 12:00 საათზე გეგმავს თადუმაძესთან შეხვედრას და იმედოვნებს, რომ მთავარი პროკურორი “არ დაემალება”.

“იმის გამო, რომ მთავარი პროკურორისგან პასუხი ვერ მივიღეთ, საჭიროდ მივიჩნიეთ, რომ მასმედიის საშუალებით მივმართოთ მას. 6 თებერვალს, ოთხშაბათს, 12:00 საათზე, მივდივართ მასთან შესახვედრად, იმედია არ დაგვემალება, შეგვხდება და გაგვცემს კონკრეტულ კითხვებზე პასუხებს, რომლებიც ამ ხნის განმავლობაშია დაგროვილი. არა მხოლოდ ძირითად – ჩემი შვილის მკვლელობის საქმეზე, არამედ გარკვეულ კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით. თადუმაძე პირველი შეხვედრისთანავე დაგვპირდა, რომ 2 კვირის ვადაში დეტალურად შეისწავლიდა საქმეს და შეგვხვდებოდა, სახალხო დამცველის წარმომადგენელთან ერთად, მაგრამ ფაქტია, რომ დღემდე არ შეგვხვდა და მოგვატყუა”, – განაცხადა ზაზა სარალიძემ  “მთავარში”.  

იგი ​მწუხარებას გამოთქვამს იმ ტრაგედიების გამო, რაც 2019 წლის დასაწყისიდან ქვეყანაში ხდება და აცხადებს, რომ ამ ტრაგედიების გამო თავს იკავებდა და საკუთარი ტრაგედია უკანა პლანზე გადაწია.

“არ მინდოდა გადამეკვეთა წითელი ხაზები ჩემი ტრაგედიით, მაგრამ არც უმოქმედობა მომწონს. გადავწყვიტე გადავიდეთ აქტიურ მოქმედებაზე”, – აცხადებს სარალიძე.

შვილმოკლული მამა ​პირადად მთავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვს, ასევე, სურს შეხვედრაში მონაწილეობა მიიღონ პროკურორის მოადგილემ და იმ პროკურორებმაც, რომლებიც დავით სარალიძის მკვლელობის საქმეს წარმართავდნენ.


მსგავსი თემები