კომუნიკაციების ეროვნული კომისია მობილური ოპერატორების პაკეტური შეთავაზებების შესწავლას იწყებს

  •  

ფიქსირებული და მობილური ქსელით მომსახურებების ბაზარზე არსებული კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ჩატარების მიზნით, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. სამი თვის განმავლობაში კომისია ფიქსირებული და მობილური ბაზრის ყველა სეგმენტს, მათ შორის, ინტერნეტის, ხმოვანი მომსახურების, მაუწყებლობის ტრანზიტის, მოკლე ტექსტური შეტყობინებების და პაკეტურ შეთავაზებებს შეისწავლის. 

​კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საბითუმო მომსახურებაზე ტარიფების შემცირებით ოპერატორებს მობილური და ფიქსირებული მომსახურების საცალო ტარიფების შემცირების შესაძლებლობა მიეცათ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კომპანიებს ამ მიმართულებით რაიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი არ გადაუდგამთ. უფრო მეტიც, პირიქით, შპს „მაგთიკომმა“ და სს „სილქნეტმა“ მობილური და ფიქსირებული ქსელის მომსახურებებზე საცალო ტარიფების გაზრდა დააანონსეს და საბითუმო ბაზრით საცალოზე კონკურენციის მიღების პროცესში, ფასების გაზრდას შეეცადნენ”, – აცხადებს კახა ბექაური. ​

მისივე თქმით, ასოცირების ხელშეკრულებასთან ერთად, ევროპულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, მომზადებულია ცვლილებების პირველი პაკეტი, რომელიც ფიქსირებული და მობილური კომუნიკაციების გარკვეული მომსახურებების დადგენას ითვალისწინებს.

კომისიამ ბოლო წლების განმავლობაში ბევრი აქტივობა განახორციელა, მათ შორის, 2017 წლის 7 სექტემბერის გადაწყვეტილებით, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე მობილური და ფიქსირებული ქსელის კომპანიებისათვის დადგენილი ურთიერთჩართვის მომსახურების ზედა ზღვრული ტარიფები მობილურ ქსელში 3,5 თეთრიდან 0,75 თეთრამდე, ხოლო ფიქსირებულ ქსელში – 2 თეთრიდან 0,28 თეთრამდე შემცირდა. ამასთან, 32 ლარიდან 13 ლარამდე დაიწია გლობალური ინტერნეტის საბითუმო რესურსებთან დაშვების მომსახურების ტარიფმა. ასევე, კომისიის 2018 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით, 2019 წლიდან ამოქმედდა დადგენილება, რომლის მიხედვითაც მნიშვნელოვნად შემცირდა მაგისტრალური არხებით მომსახურების საბითუმო ტარიფები. 15 იანვრიდან მნიშვნელოვანი ძალაუფლების ოპერატორებს მცირე და საშუალო ოპერატორების დაშვების ვალდებულებაც დაეკისრათ.

მსგავსი თემები