,,გადავწყვიტეთ, საზოგადოებრივი მოძრაობა ჩამოვაყალიბოთ”- სოზარ სუბარი

ქართული ოცნებიდან წასული სოზარ სუბარის განცხადებით, დამოუკიდებელმა დეპუტატებმა   ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი წერილიდან და აშშ-ის ელჩის დღევანდელი პასუხიდან გამომდინარე გადაწყვიტეს,  საზოგადოებრივი მოძრაობა დააფუძნონ.

,,სწორედ გუშინდელი წერილიდან, დღევანდელი ელჩის პასუხიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ იმ ჩვენი ურთიერთობებისთვის, რომლებიც ამდენი ხნის განმავლობაში გვაქვს ჩვენს წარმომადგენლებთან რეგიონებში, ერთმანეთთან, გარკვეულწილად ფორმალური სახე მიგვეცა და საზოგადოებრივი მოძრაობა ჩამოვაყალიბოთ, რომლის მიზანიც სწორედ იქნება, ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ საჯარო პოლიტიკაში ძალიან ბევრ კითხვას გაეცეს პასუხი, რასაც აქამდე პასუხები ხშირად არ ეძლეოდა და ყველაფერი გავაკეთოთ, რათა საქართველოს ავაცილოთ თავიდან ომის საფრთხე და საქართველოს ევროპული გზა, საქართველოს ევროპაში ინტეგრაცია იყოს შეუქცევადი,”- განაცხადა სოზარ სუბარმა.

სუბარის თქმით, მათი მიზანი საჯარო პოლიტიკის მიღმა არსებული ინფორმაციის სააშკარაოზე გამოტანაა.

„გუშინ გამოქვეყნებულ წერილში ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა ის, რასაც ჩვენ ამდენი ხანია, ვამბობთ, რომ ძალიან რეალური იყო საქართველოს ომში ჩართვის საქმე და მართალია, დღეს ეს საფრთხე შემცირდა, მაგრამ ბოლომდე არ არის აღმოფხვრილი. საფრთხე არსებობს და როდესაც ჩვენს რეგიონში ასეთი მძიმე ბრძოლა ხდება, ყველაზე დიდი ომი ევროპის კონტინენტზე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რა თქმა უნდა, ყოველწუთიერად არსებობს საფრთხე, რომ ამ ომში შეიძლება, საქართველო აღმოჩნდეს ჩათრეული. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ომი ავაცილოთ თავიდან ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს და ამისთვის ზოგჯერ საჭიროა, რომ ის, რაც ხდება კულისებში, ის, რაც ხდება საჯარო პოლიტიკის მიღმა, გადმოვიტანოთ საზოგადოების სამსჯავროზე, საზოგადოებას ვუთხრათ მეტი სიმართლე, მივაწოდოთ მეტი ინფორმაცია, რადგან სწორედ დახურულ პოლიტიკაში არის ყველაზე დიდი საფრთხე, რომ მიღებულ იქნას ისეთი გადაწყვეტილებები, რაც არ იქნება ჩვენი ქვეყნისთვის სასარგებლო, პირიქით, იქნება დამანგრეველი ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

გურამ მაჭარაშვილი „ქართულ ოცნებას“ ტოვებს და  პარტიიდან წასულ სამ დეპუტატს უერთდება – (mcm.ge)

,,შეხვედრა აშშ-ის ელჩის თხოვნით 21 მარტს ნამდვილად შედგა და ის დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა”- ბიძინა ივანიშვილი – (mcm.ge)

მსგავსი თემები