,,საინტერესოა, შეხვედრაზე ელჩის მხრიდან ივანიშვილის მიმართ ხომ არ იყო შეთავაზება, რომ ჩართულიყო პოლიტიკაში”- გურამ მაჭარაშვილი

საქართველოს პარლამენტის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის შეხვედრასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს. მისი თქმით, არსებობს ლეგიტიმური კითხვა, ხომ არ არ შესთავაზა აშშ-ის ელჩმა შეხვედრის დროს პარტიის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება.

„მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა  ბიძინა ივანიშვილის წერილი და პრინციპში, ეს შეხვედრა არ უარყო არც შეერთებული შტატების ელჩმა, არსებობს ძალიან ლეგიტიმური კითხვა, რომ ამ სამი საათის განმავლობაში ხომ არ ჰქონდა კითხვა ელჩს მაგალითად, მთავრობასთან დაკავშირებით, უკმაყოფილება ხომ არ გამოთქვა, მათ შორის ჩვენს ომთან დამოკიდებულებაზე, სანქციებთან დაკავშირებით, ხომ არ იყო კითხვა და ამის შემდგომ ხომ არ იყო ერთგვარი შეთავაზება ბიძინა ივანიშვილისთვის მის პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით.

ანუ მას შემდეგ, რაც პრაქტიკულად ორივე მხარემ დაადასტურა, რომ ეს შეხვედრა შედგა, თან ეს შეხვედრა ემთხვევა უკვე ომის მდგომარეობას, ბუნებრივია, ამ დროს საინტერესოა, ელჩის მხრიდან ბატონი ბიძინას მიმართ ხომ არ იყო შეთავაზება, რომ ჩართულიყო პოლიტიკაში, ან მანამდე ხომ არ გამოთქვა ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილება იმის გამო, რომ ჩვენ სანქციები ვერ დავაწესეთ გარკვეული ობიექტური მიზეზების გამო. კარგი იქნებოდა, თუ ელჩი ამ კითხვებზე პასუხს გასცემდა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მსგავსი თემები