,,საქართველოს პრეზიდენტი ჩვენ ძალიან გვჭირდება, მაგრამ ის ჩვენს გვერდით აღარ გვყავს”- თეა წულუკიანი

,,საქართველოს პრეზიდენტი ჩვენ ძალიან გვჭირდებოდა, ძალიან გვჭირდება, მაგრამ ის ჩვენს გვერდით აღარ გვყავს,”- ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყანა დააზიანა.

,,პრეზიდენტმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ გამოვსულიყავით მაქსიმალურად დაზიანებულები ევროინტეგრაციის გზაზე, როდესაც 3 ქვეყანა ე.წ. ვერდიქტს ველოდებოდით, რომელსაც უფრო გრძელვადიანი პერსპექტივისთვის უფრო ფართოდ უნდა გაეღო კარი. ამაში პრეზიდენტმა ძალიან დიდი როლი შეასრულა და ამაზე დაუსრულებლად შეიძლება საუბარი. მაგალითისთვის, ქვეყნის შიგნით ის ამბობდა, რომ რეფორმები არ ტარდება, რაც ტყუილია; ამბობდა, რომ მთავრობა არაფრის მაქნისია, რაც ტყუილია. აყენებდა შეურაცხყოფას, ვისაც კი შეეძლო. მანამდე, თორემ ახლა საერთოდ რომელ ჟანრში მსახიობობს უკვე ვეღარ გავიგე. შემდეგ ქვეყნის იქით მიდიოდა და ამბობდა, რომ საქართველოს გაუხსენით გზა და იქაც, რომ მიდიოდა, სავარაუდოდ, კრიტიკით იყო დაკავებული. ამიტომ, ქვეყნის ინტერესის დაცვა ხდება მხოლოდ და მხოლოდ ერთიანი ფრონტით, იმ ადამიანების მიერ, ვინც არიან ხელისუფლებაში და ის ხელისუფლებაშია. მაგრამ მან აირჩია სხვა გზა, ამიტომ მე მაქვს უფლება ვიფიქრო, რომ მან ამ ქვეყნის ევროპულ გზაზე სიარულისას ისეთი ნაბიჯები გადადგა, რასაც შესაძლოა ზიანი მოეტანა,”- განაცხადა თეა წულუკიანმა ,,იმედის” ეთერში.

მსგავსი თემები