„ვკრძალავთ რუსეთის ყველაზე მნიშვნელოვან ექსპორტს“ – ევროკავშირის ახალი სანქცია რუსეთის წინააღმდეგ

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიული ომის საპასუხოდ, ახლახან ევროკავშირმა შემზღუდველი ზომების „შენარჩუნებისა და ჰარმონიზაციის“ პაკეტი მიიღო, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ არსებული ეკონომიკური სანქციების გამკაცრებას, მათი განხორციელების სრულყოფას და ეფექტიანობის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

„დღეს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს ვდგამთ, რათა შევზღუდოთ რუსეთის შესაძლებლობები, გააგრძელოს და დააფინანსოს თავისი აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ. ფაქტობრივად ვკრძალავთ რუსეთის ყველაზე მნიშვნელოვან ექსპორტს ენერგომატარებლების შემდეგ – რუსეთის ოქროს. ასევე გამონაკლისს ვაკეთებთ სოფლის მეურნეობის პროდუქტების გაყიდვისა და ნავთობის მესამე ქვეყნებში გადატანის ტრანზაქციებზე იმის გამო, რომ ევროკავშირს თავის მხრივ შეაქვს წვლილი მოსალოდნელი გლობალური სასურსათო კრიზისის დასაძლევად.

ახლა რუსეთის გადასაწყვეტია, რომ შეწყვიტოს უკრაინის მინდვრებისა და ელევატორების დაბომბვა და შავი ზღვის პორტების ბლოკირება“ – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში.

მსგავსი თემები