„უკრაინაში განცხადება იყო გაკეთებული იმის თაობაზე, რომ კარგი იქნებოდა, თუ საქართველო ომში ჩაერთვებოდა“ – თალაკვაძე ივანიშვილის წერილზე

ბიძინა ივანიშვილის წერილს, რომელიც მან დღეს გამოაქვეყნა, მართველი გუნდის კიდევ ერთი ლიდერი ეხმიანება. როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს,  წერილში ბევრი მნიშვნელოვანი საკითხია.

„ბიძინა ივანიშვილი მის მიმართ დასმულ კითხვას პასუხს პირდაპირ სცემს. ასევე საუბრობს რეგიონის წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევებსა და ომის საფრთხეზეც, რომლის წინაშეც უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველოც აღმოჩნდა. როცა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში იყო, პრიორიტეტულ საკითხად სვამდა  ამერიკასთან და ევროკავშირთან პარტნიორულ ურთიერთობებს. რაც შეეხება რადიკალური ოპოზიციის მოთხოვნას მტკიცებულებების წარდგენის თაობაზე, ვინ ითხოვდა ომსო, ეს უფრო თავის მართლებას ჰგავს, ვიდრე კითხვას.

ვინ ითხოვდა?  ეს იყო მათ მიერ მართული ტელევიზიები, მათი მოლაპარაკე თავები და მათი პოლიტიკური, პირდაპირი პარტნიორები უკრაინაში. უკრაინაში განცხადება იყო გაკეთებული იმის თაობაზე, რომ კარგი იქნებოდა, თუ საქართველო ომში ჩაერთვებოდა, მეორე ფრონტი გაიხსნებოდა. მათი სატელიტები პირდაპირ ამბობდნენ, რომ საქართველოს სჭირდებოდა ბომბები და ომი“ – აცხადებს თალაკვაძე.

მისი შეფასებით, საქართველოში ომის მომხრეა ომის პარტია.

„საქართველოს ომში ჩათრევას ითხოვდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები სხვადასხვა არხებით და სხვადასხვა დროს“, – განაცხადა თალაკვაძემ მედიასთან.

 

მსგავსი თემები