რატი იონათამიშვილი: პასუხს აგებს ყველა ხელისუფალი, ვინც ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს დაარღვევს

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, რუსეთმა საქართველოს 1 500 მოქალაქეს, არამატერიალური ზიანის მიყენების გამო, კომპენსაციის სახით, 10 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს, მმართველი გუნდის წევრი რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც დეპუტატი აღნიშნავს, პასუხს აგებს ყველა ხელისუფალი, ვინც ადამიანის უფლებებს უგულებელყოფს, ხოლო როცა სიმართლე შენს მხარეს არის, მასშტაბებს მნიშვნელობა არ აქვს.

“ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო – საქართველოს 1500 მოქალაქის სასარგებლოდ, რუსეთს 10 მილიონი ევროს კომპენსაციის გადახდა დაეკისრა. ჩვენი ქვეყნისთვის ეს იყო ღირსების საქმე, რითაც სამართლიანობის აღდგენასთან ერთად, საერთაშორისო დონეზე შეიქმნა ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი – პასუხს აგებს ყველა ხელისუფალი, ვინც უგულებელყოფს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და/ან დაარღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს.

მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ამ საქმეში ის იყო მთავარი მოპასუხე, არამედ – 2012 წლამდე სტრასბურგის სასამართლოში მხოლოდ 118 მოქალაქის მონაცემები იყო გაგზავნილი, 2014-2016 წ.წ. კი იუსტიციის სამინისტრომ მოიძია, დაამუშავა და 1500-ზე მეტი მოქალაქის მონაცემები გაუგზავნა სასამართლოს, რომელმაც, თავის მხრივ, მათი უფლებებიც თანაბრად აღიარა!

ვულოცავ ყველას, განსაკუთრები კი მათ, ვინც 2008 წელს რუსეთის ხელისუფლებისგან უშუალოდ დაზარალდნენ. როცა სიმართლე შენს მხარეს არის, მასშტაბებს მნიშვნელობა არ აქვს. ამ დროს ყველაზე მთავარი – ადამიანის უფლებებისადმი ერთგულებაა” – აღნიშნავს რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები