,,საუბრის შინაარსის საიდუმლოდ დატოვება არის შანტაჟის გაგრძელება”- რომან გოცირიძე ივანიშვილი-დეგნანის შეხვედრაზე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძე  ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმიანება, სადაც ივანიშვილი  ადასტურებს, რომ მასსა და საქართველოში აშშ-ის  ელჩს, კელი დეგნანს შორის შეხვედრა ნამდვილად შედგა.

„როგორც ვვარაუდობდით, „ის ბრძენი კაციც“ გამოჩნდა. რა იყო ბიძინა ივანიშვილის წერილის მთავარი სათქმელი? ის, რომ ვიღაცებს საქართველოს ომში ჩართვა უნდოდა. თურმე ომის საფრთხე რუსეთიდან კი არ მოდის, არამედ სხვებისგან, რომლებიც იმდენს უჩხიკინებენ პუტინს, რომ იმ წესიერ კაცს შემოეპყობა კიდევაც ქვეყანა. ასე ამბობდა 2008 წლის აგვისტოს ომზეც, ასე ამბობენ მისი ენით მოლაპარაკეები “ოცნებიდან” რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომის შესახებ-თურმე უკრაინამ ვერ აიცილა თავიდან ომი (როგორც მაშინ საქართველომ), ანუ უკრაინაა დამნაშავე.

რაც შეეხება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან შეხვედრას, დაადასტურა, რომ ასეთი შეხვედრა შედგა, თანაც სრულადაც, რომ სამი საათიო. დროის ამ ხანგრძლივობით ირიბად მიანიშნებს საუბრის თემის სირთულეზე და შესაძლო ზეწოლაზე. ისე, იმ სამი საათიდან ორი საათი სადილს თუ ვახშამს არ მოხმარდებოდა? დაუპურებელს ხომ არ დატოვებდა სტუმარს? “სადილით თუ სადილის გარეშე სამი საათი” – უკვე ახალი თავსატეხი გაუჩინა საზოგადოებას,”- აღნიშნა გოცირიძემ.

დეპუტატის განმარტებით, საუბრის შინაარსის საიდუმლოდ დატოვება კვლავ არის შანტაჟის გაგრძელება.

,,რა საკითხზე უნდა ყოფილიყო ელჩის მიერ ზემოქმედების მცდელობა? რადგან საიდუმლოდ ინახავს, გვაფიქრებინებს, რომ ომი უნდოდა რომ დაეწყო, ანუ უნდოდა რომ რუსეთი საქართველოში შემოჭრილიყო, ბიძინა რუსებს პრემიერ-მინისტრად დაესვათ და ამერიკა ამით გახარებული 500 მილიონს დაუბრუნებდა შვეიცარიული ბანკიდან. წერილში ამას ვერ ამოვიკითხავთ, მაგრამ ამაზე „ტროიკები” და სხვები ხომ წერდნენ და ლაპარაკობდნენ? ეს, რა თქმა უნდა, არის აბსურდი, მაგრამ საუბრის შინაარსის საიდუმლოდ დატოვება კვლავ არის შანტაჟის გაგრძელება, დასავლეთზე თავდასხმა ერთადერთი მიზნით – არ მოიხსენიონ ოლიგარქად, არ შეეხონ მის არაფორმალურ ძალაუფლებას და კვლავ ძველებურად მართოს კულისებიდან ქვეყანა, როცა პარლამენტიც თვითონაა, მთავრობაც და მოსამართლეც.

არაფერი გამოუვა. უკრაინაში ომმა საბოლოოდ ახადა ივანიშვილის ოლიგარქიულ მმართველობას ნიღაბი. მან ქვეყნის კონსტიტუციაში ასახულ ხალხის ნებას გადაუხვია. ახლა მან თავად უნდა აირჩიოს, როგორ დათმობს მიტაცებულ ძალაუფლებას, როგორ წავა ხელისუფლებიდან – მსუბუქად, მძიმედ თუ ძალიან მძიმედ. მაგალითების მოძიება მას არ გაუჭირდება.

სანქცია ნებისმიერ შემთხვევაში არ ასცდება. რაც უკვე ჩაიდინა დასჯადია“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

მსგავსი თემები