სიმონ ნოზაძე: ფარული ჩანაწერები იმ ძალების მიერ არის გამოქვეყნებული, რომლებსაც არ აწყობთ მმართველი გუნდის ერთობა ​

ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ თავმჯდომარე, დეპუტატი სიმონ ნოზაძე მიიჩნევს, რომ ფარული ჩანაწერები იმ ძალების მიერ არის გამოქვეყნებული, რომლებსაც არ აწყობთ “ქართული ოცნების” გუნდის ერთობა. ​

​როგორც სიმონ ნოზაძემ “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, სამართალდამცავი ორგანოს ღირსებაა, ეს საქმე ბოლომდე იყოს გამოძიებული. ​

“პრევენცია უნდა მოხდეს ისეთი, რომ ამგვარი რამის გაკეთება გულში ვერავინ გაივლოს. ერთი ვიცოდეთ, რომ თუ რაიმე ინფორმაციას მაკომპრომატირებელს ვარქმევთ, მას ძალა აქვს მანამ, სანამ გამოქვეყნდება. გამოქვეყნების შემდეგ მისი ძალა იკარგება. რა თქმა უნდა, საგამოძიებო ორგანოებმა უნდა იმუშაონ, ერთგვარად მათი ღირსების საქმეც არის ამ საქმის გამოძიება,”- განაცხადა სიმონ ნოზაძემ.

დეპუტატის თქმით, ეს იმ ძალების გაკეთებულია, რომლებსაც დაპირისპირებული სპეცსამსახურები იყენებენ მმართველ გუნდში სიტუაციის გასამწვავებლად.

“მე მგონია, რომ ეს გაკეთებულია იმ ძალების მიერ, ვისაც არ აწყობდა ერთიანობა “ქართული ოცნების” გუნდის შიგნით. ამას იყენებენ დაპირისპირებული სპეცსამსახურები, რომ ერთმანეთს აურიონ სიტუაცია. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ვისი გაკეთებულიც უნდა იყოს, უზნეო ადამიანის გაკეთებულია. ლოგიკას უნდა მივყვეთ, ვინ ნახავს ყველაზე მეტ სარგებელს ამ აგორებული სკანდალიდან. ყველაფერზე სახელმწიფოა პასუხისმგებელი, რა თქმა უნდა, მაგრამ ამგვარი თემების გამოძიება ურთულესი საქმეა, ასე მარტივად გამოსაძიებელი არაა ეს ყველაფერი. ყველამ ვიცით, ვინ გააკეთა და როდის გააკეთა ეს ჩანაწერები, მაგრამ მე ასე ხელს ვერავის დავადებ. სამართალდამცავებმა უნდა გამოიძიონ, თუმცა მე ამ დარგის სპეციალისტი ვარ და ვიცი, ასე მარტივი არ არის ამგვარი საქმეების გამოძიება,” – განაცხადა სიმონ ნოზაძემ “მედიაცენტრ მთავარში”.

მსგავსი თემები