„ოპოზიციის რადიკალური ნაწილი “ტექნიკური პარლამენტის” პროექტზე გადაერთო, რაც არის ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის დელეგიტიმაციის მცდელობა”- შალვა პაპუაშვილი

,,ნათელია, რომ „ტექნიკური მთავრობის“ ჩავარდნილი პროექტის შემდეგ, ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ახლა „ტექნიკური პარლამენტის“ პროექტზე გადაერთო, რაც არის ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის დელეგიტიმაციის მცდელობა და კონსტიტუციურ წესწყობილებასთან სახიფათო თამაში,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით,  პარლამენტში უკვე სამი კვირაა, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ევროპული საბჭოს მიერ განსაზღვრულ 12 პრიორიტეტზე.

„პროცესის ინკლუზიურობის უზრუნველსაყოფად კომიტეტებმა, შესაბამისი მიმართულებებით, შექმნეს სამუშაო ჯგუფები. საზოგადოებას შევახსენებ, რომ სამუშაო ჯგუფი გახლავთ პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული საპარლამენტო საქმიანობის ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება სამუშაო პროცესში სამოქალაქო საზოგადოების და ექსპერტების ჩართვისთვის. დღეის მდგომარეობით, ჩატარდა კომიტეტების და სამუშაო ჯგუფების 17 სხდომა. საკითხების ნაწილზე უკვე არსებობს პირველადი შედეგები.

ასე, მაგალითად: • რეკომენდაციების მე-2 პუნქტზე – საპარლამენტო ზედამხედველობა – სრულდება ზედამხედველობის არსებული მექანიზმების ანალიზი, რომლის საფუძველზეც სამუშაო ჯგუფი განიხილავს მათი გაუმჯობესების შესაძლებლობებს და 21 სექტემბრამდე დააინიცირებს ცვლილებების პროექტს;

• რეკომენდაციების მე-3 პუნტქზე – სასამართლო რეფორმა – სამუშაო ჯგუფში საპარლამენტო ჯგუფების მიერ უკვე წარმოდგენილ იქნა შეფასების დოკუმენტები, რომლებიც, სამოქალაქო სექტორთან განხილვის საფუძველზე, უნდა გახდეს სასამართლო რეფორმის სტრატეგიის შემუშავების და საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირების საფუძველი;

• რეკომენდაციების მე-9 პუნქტზე – გენდერული თანასწორობა – სამუშაო ჯგუფში სახლემწიფო უწყებებისა და სამოქალაქო სექტორის მონაწილეობით შეთანხმდა იმ საკითხთა წრე, რომელზეც გაიმართება დეტალური მსჯელობა და 5 ოქტომბრამდე დაინიცირდება შესაბამისი კანონპროექტი.

• რეკომენდაციების მე-11 პუნქტზე – მართლმსაჯულების პროცესში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის პროაქტიული გამოყენება – უკვე შეიქმნა კანონპროექტების პაკეტის პირველადი ვერსია, რომელიც სამუშაო ჯგუფში საბოლოო განხილვის შემდეგ, გრაფიკის შესაბამისად, 1 სექტემბრამდე დაინიცირდება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, კომიტეტებისა და სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში აქტიურად მონაწილეობს რვა საპარლამენტო ჯგუფიდან ხუთი – „ქართული ოცნება“, „გირჩი“, „ევროპელი სოციალისტები“, „მოქალაქეები“ და „საქართველოსთვის“, ხოლო საპარლამენტო ფორმატში მუშაობაზე უარს აცხადებს სამი საპარლამენტო ჯგუფი – „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, რამდენიმე დღის წინ თბილისში ვიზიტით იმყოფებოდა ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის დელეგაცია, რომელმაც, ერთი მხრივ, მოიწონა საქართველოს პარლამენტის სამუშაო გეგმა 12 პუნქტთან დაკავშირებით, და, მეორე მხრივ, დაჟინებით მოუწოდა „ნაციონალურ მოძრაობას“, „ლელოსა“ და „სტრატეგია აღმაშენებელს„ ჩართულიყვნენ პარლამენტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში.

ამის საპირისპიროდ, ბოლო დღეები, ვხედავთ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მასთან დაკავშირებულმა „ლელომ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“, ნაცვლად საკითხებზე საპარლამენტო ფორმატში ერთობლივი მუშაობისა, შექმნეს საკუთარი პარტიული ფორმატი. უფრო მეტიც, ისინი სექტემბრიდან აანონსებენ პოლიტიკურ რადიკალიზაციას და ქუჩის აქციებს. ნათელია, რომ „ტექნიკური მთავრობის“ ჩავარდნილი პროექტის შემდეგ, ოპოზიციის ეს რადიკალური ნაწილი ახლა „ტექნიკური პარლამენტის“ პროექტზე გადაერთო, რაც არის ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის დელეგიტიმაციის მცდელობა და კონსტიტუციურ წესწყობილებასთან სახიფათო თამაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის  თქმით, პარლამენტი, მრავალპარტიულ ფორმატში და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით,  გააგრძელებს დადგენილი გრაფიკის შესაბამისად მუშაობას და განსაზღვრულ ვადებში კანონპროექტების ინიცირებას.

„მოხარული ვარ, რომ მოვისმინე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის, პარტიის და საერთაშორისო აქტორის შეფასებები ამ სამპარტიული კოალიციის მიერ წამოწყებული პროცესის დესტრუქციოლობასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ პოლარიზაციის გაღრმავებისკენ და პარლამენტის დელეგიტიმაციისკენ გადადგმული ეს ნაბიჯი დასაწყისშივე მკაფიოდ შეფასდეს, როგორც სამოქალაქო სექტორის, ისე საერთაშორისო აქტორების მხრიდან, რათა, ხალხის მოლოდინის საპირისპიროდ, არ მოხდეს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის დისკრედიტაცია და არ წახალისდეს რადიკალური დღის წესრიგი. მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, დავაკვირდები ამ შეფასებების დროულობას და სიცხადეს.

საქართველოს პარლამენტი, მრავალპარტიულ ფორმატში და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით, განუხრელად გააგრძელებს დადგენილი გრაფიკის შესაბამისად მუშაობას და უზრუნველყოფს წინასწარ განსაზღვრულ ვადებში კანონპროექტების ინიცირებას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები