აშშ აზერბაიჯანს მოუწოდებს, ტყვეობაში მყოფი სომეხი სამხედროები გაათავისუფლოს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი აზერბაიჯანისა და სომხეთის ოფიციალური წარმომადგენლების თბილისში შეხვედრას აფასებს და აცხადებს, რომ ეს პოზიციური გზავნილია. ენტონი ბლინკენი ორივე მხარეს მოუწოდებს, შეხვედრები კიდევ გამართონ.

სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ენტონი ბლინკენი ორივე მხარეს ესაუბრა. სახელმწიფო მდივანმა მათთან განიხილა რეგიონში მშვიდობის დამყარების ისტორიული შესაძლებლობა და დაადასტურა, რომ მზად არის ხელი შეუწყოს რეგიონული სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირების გახსნას. ასევე, მზადყოფნა გამოხატა, დაეხმაროს სომხეთსა და აზერბაიჯანს ხანგრძლივი და ყოვლისმომცველი მშვიდობის დამყარებაში.

სატელეფონო საუბრისას, ენტონი ბლინკენმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს მოუწოდა, გაათავისუფლოს ტყვეობაში მყოფი სომეხი სამხედროები, ხოლო სომხეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა თურქეთთან ურთიერთობის მოგვარებისკენ გადადგმული ნაბიჯებისთვის.


მსგავსი თემები