“ყველამ აუცილებლად უნდა ვისწავლოთ COVID-ის პირობებში უსაფრთხოდ ცხოვრება და საქმიანობა” – თენგიზ ცერცვაძე

„უნდა ვისწავლოთ COVID-თან თანაცხოვრება და სწორი ეპიდემიოლოგიური და კლინიკური მართვით შევინარჩუნოთ გარდაცვალების შემთხვევები დღევანდელ მინიმალურ ნიშნულზე და თავიდან ავიცილით COVID-ის ნეგატიური გავლენა ცხოვრების ხარისხსა და ეკონომიკაზე“ – აცხადებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე.

მისი შეფასებით,  სათანადო ჩვენების შემთხვევაში,  დროულად გამოიყენონ „პაქსლოვიდი“ და „რემდესივირი.“

„ყველამ უნდა იცოდეს, რომ ომიკრონის შტამებით გამოწვეული COVID-ის სიმპტომები პირველ დღეებში პრაქტიკულად არ განსხვავდება სხვა რესპირაციული ინფექციების სიმპტომებისაგან. ამიტომ აუცილებელია და უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ პირველივე სიმპტომების გაჩენისთანავე უკლებლივ ყველამ ჩავიტაროთ COVID ტესტირება, რაც უფასოა და ადვილად ხელმისაწვდომია და COVID-ის დადასტურების შემთხვევაში ზედმიწევნით შევასრულოთ ექიმის რეკომენდაციები.

ყველამ გაითვალისწინოს, რომ დროული მიმართვის და საჭიროებისამებრ მკურნალობის დროული დაწყების შემთხვევაში პრაქტიკულად გარანტირებულია, რომ არ მოხდება პაციენტის დამძიმება და მითუმეტეს არ დადგება ლეტალური შედეგი. ყველამ აუცილებლად უნდა ვისწავლოთ COVID-ის პირობებში უსაფრთხოდ ცხოვრება და საქმიანობა.

მინდა დაბეჯითებით ვურჩიო ყველა ოჯახის ექიმს, ყველა COVID კლინიკას და COVID პაციენტებს, სათანადო ჩვენების შემთხვევაში დროულად, პირველივე დღეებში გამოიყენონ პაქსლოვიდი და რემდესივირი და არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენონ ის მედიკამენტები (ივერმექტინი, ფლუვოქსამინი (ფევარინი), ფავიპირავირი, კოლხიცინი და სხვ.) რომელთა ეფექტი არ არის დადასტურებული სერიოზული კლინიკური კვლევებით და არა აქვთ სერიოზული მარეგულირებლების (FDA, EMA და სხვ.) ნებართვა. ამით ჩვენ გადავარჩენთ ათასობით COVID ავადმყოფის სიცოცხლეს”, – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

მსგავსი თემები