„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეხმაურება სამუშაო შეხვედრებს, რომლებიც ოპოზიციამ ევროკომისიის მიერ დადგენილ 12 პუნქტთან დაკავშირებით დღეიდან დაიწყო. კობახიძის შეფასებით, ოპოზიციას არ სურს, ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და აჩვენებენ, რომ საბოტაჟისკენ არიან მიმართულნი.
,,ძალიან მარტივად ჩანს, მათ აქვთ ერთადერთი მიზანი, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ეს არის ერთადერთი ამოცანა, სწორედ ამის გამო ისინი აანონსებენ ისეთ ნაბიჯებს, რომელიც არის მიმართული პირველი პუნქტის დარღვევისკენ, ანუ პოლარიზაციისკენ, და ასევე ისინი არ არიან ჩართული დანარჩენი 11 პუნქტის შესრულებაში. ეს ყველაფერი, კიდევ ერთხელ, აჩვენებს იმას, რომ მათ არ სურთ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ამიტომ შექმნეს რაღაც ერთგვარი ტექნიკური პარლამენტი, ტექნიკური კომიტეტები, ტექნიკური სამუშაო ჯგუფები. ეს არის გარდა იმისა, რომ ღიმილისმომგვრელი, რა თქმა უნდა, არის კონსტიტუციური წეს-წყობილების წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯები. ძალიან მარტივად არის აქ საქმე. ისინი აჩვენებენ, რომ ყველანაირად საბოტაჟისკენ არიან მომართულნი”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.