,,დავით არახამიას ვეთანხმები, დიახ, იანუკოვიჩები მიდიან და თუ მშვიდობიანი გადაბარებით არა, მას ხალხი რევოლუციის გზით აგდებს”- ხატია დეკანოიძე

,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე   უკრაინის რადაში პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ლიდერის, დავით არახამიას განცხადებას ეხმიანება. დეპუტატი ეთანხმება არახამიას და აღნიშნავს, რომ საქართველო ცივილიზებული სამყაროს გვერდით არ დგას.

„ძალიან მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, თუ რა პოზიცია დაიკავა საქართველოს ხელისუფლებამ. მას სრულიად ვეთანხმები – დიახ, იანუკოვიჩები მიდიან და თუ მშვიდობიან გადაბარებით არ მიდიან, მას ხალხი რევოლუციის გზით აგდებს. მთავარია, გვესმოდეს უკრაინაში მიმდინარე ომში საქართველოს ხელისუფლება ვის მხარეს დადგა. სამწუხაროდ, საქართველო ცივილიზებული სამყაროს გვერდით არ დგას“,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, ნებისმიერი განცხადება, რომელსაც უკრაინის ოფიციალური წარმომადგენლები აკეთებენ, უნდა განვიხილოთ იმ კონტექსტში, რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება.

„თუ რამემ შელახა საქართველოს იმიჯი, როგორც სანდო პარტნიორის, ეს არის ხელისუფლება და მისი დამოკიდებულება უკრაინასთან მიმართებაში, როდესაც რუსეთის სამხედრო აგრესიის შემდეგ პარლამენტის რეზოლუციაში არ ჩაიწერა რუსეთის ფედერაციის აგრესია, პრეზიდენტ ზელენსკის არ მიეცა პარლამენტისთვის სიტყვით მიმართვის შესაძლებლობა. მათ შორის, იყო ანტი-უკრაინული განცხადებები. მთელი ეს პროპაგანდა აგებულია იმაზე, რომ ნებისმიერი ადამიანს, ვინც მხარს უჭერს უკრაინას და სურს, რომ საქართველო საერთაშორისო სანქციების ნაწილი იყო, სურს ომი. საქართველოს ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის დავალებით წარმოიქმნა, როგორც საფრთხე უკრაინის გამარჯვებისთვის. ამიტომ ნებისმიერი განცხადება, რომელსაც უკრაინის ოფიციალური წარმომადგენლები აკეთებენ, ჩვენ უნდა განვიხილოთ იმ კონტექსტში, რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება მთელი ამ პერიოდის განმავლობაში“,- აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

,,ბიჭებო, ცოტა აკურატულები იყავით თქვენს გამონათქვამებში, რადგან მარტო ივანიშვილი არ იქნება სანქციების სამიზნე”- დავით არახამია – (mcm.ge)

მსგავსი თემები