ტექინსპექტირების გაუვლელობა 50-ის ნაცვლად 150 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს

საქართველოში მოძრავი ავტომანქანების ნახევარი, დაახლოებით 50% ტექნიკურად გაუმართავია. როგორც ექსპერტები აცხადებენ, ისინი ტექდათვალიერებას თავს არიდებენ და ურჩევნიათ, ყოველ თვე 50 ლარიანი ჯარიმა გადაიხადონ. ამას კი ხელს ისიც უწყობს, რომ „ჭკვიანი კამერები“ გამართული არ არის და ადმინისტრირება სუსტია.

როგორც „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი მედიაცენტრ მთავარში აცხადებს, საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც შსს-მ მოამზადა შედარებით სუსტია და ჩართულები რომ ყოფილიყვნენ, უფრო სრულყოფილი პაკეტი შემუშავდებოდა.

„ამ კანონპროექტის შემუშავებაში ჩართულები რომ ვყოფილიყავით, უფრო სრულფასოვან პაკეტს შევთავაზებდით. მაგალითად, უსაფრთხოების ღვედები უკანა სავარძლებზე, ძალიან ბევრ სიცოცხლეს გადაარჩენს. ასევე, საბავშვო სამგზავრო სავარძლები. ზოგადად, მხოლოდ გამკაცრება გამოსავალი და ეფექტის მომტანი არ არის, თუ აღსრულებამ არ იმუშავა ეფექტიანად. ერთ-ერთი მტკივნეული საკითხია ტექინსპექტირება. მიმართვიანობა საკმაოდ შემცირებულია. ჯერჯერობით ვერ მივაღწიეთ, რომ მძღოლებმა ინებონ და გამართონ თავიანთი ტრანსპორტი.

იმედი ის არის, რომ საშემოდგომო სესიაზე პარლამენტში დაიწყება საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა, რომელიც სანქციების გაზრდას ითვალისწინებს. იგეგმება ჯარიმების გაზრდა, თუ ტექინსპექტირების გაუვლელობა 50 ლარით ჯარიმდება, მძღოლებს ურჩევნიათ, ეს თანხა ყოველ თვე იხადონ განვადებასავით. საკანონმდებლო ინიციატივით კი 50 ლარიანი ჯარიმა მეორე ჯერზე 150 ლარი იქნება და ხრიკები შემდეგი წლიდან არ გამოადგებათ“ – განაცხადა ეკა ლალიაშვილმა მედიაცენტრ მთავარში“.

 

მსგავსი თემები