რუსული მხარე თანახმაა, უკრაინიდან მარცვლეულის გატანა მესამე ქვეყანამაც გააკონტროლოს

რუსეთი მზადაა, უკრაინული მარცვლეულის ნავსადგურიდან უსაფრთხო გატანის პროცესში მესამე მხარეც ჩართოს. როგორც რუსეთის საგარეო მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, ვინ იქნება ეს მესამე ქვეყანა, მოგვიანებით დასახელდება.

„შავ ზღვაში უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემების უსაფრთხო გადაადგილებას, რუსეთთან და თურქეთთან ერთად, მესამე ქვეყანაც უზრუნველყოფს, რომელიც მოგვიანებით განისაზღვრება“ – აცხადებს სერგეი ლავროვი.

რუსული მხარე მსოფლიო ბაზარზე სასურსათო კრიზისს პანდემიით ხსნის და განმარტავს, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი არაფერ შუაშია.

„კრიზისი წარმოიშვა პანდემიის დროს მიწოდების ჯაჭვების მოშლის გამო. ასევე, ფულის უკონტროლო ბეჭდვით აშშ-სა და ევროკავშირში. კრიზისზე  გვალვამაც იმოქმედა, რომელიც ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონში ზედიზედ ოთხი წლის განმავლობაში ხდებოდა“ – ასეთია რუსეთის ოფიციალური პოზიცია.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის ნავსადგურებიდან  ხორბლის გატანაზე შეთანხმება რამდენიმე დღის უკან მოხდა.

 

მსგავსი თემები