ირაკლი კობახიძე იმეორებს, რომ კარლ ჰარცელმა ევროკავშირისა და საქართველო ურთიერთობაში უარყოფითი როლი ითამაშა

კობახიძის განმარტებით, ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე მათ  განუმარტეს, რაში გამოიხატებოდა ის უარყოფითი როლი, რომელიც კარლ ჰარცელმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში ითამაშა.

„დღევანდელი შეხვედრა პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვან საკითხს ეხებოდა. რა თქმა უნდა, იყო მოსაზრებების გაცვლა-გამოცვლა, მათ შორის კითხვები დაისვა ჩვენი მხრიდანაც, მათი მხრიდანაც. რა თქმა უნდა, ელჩის საკითხსაც შევეხეთ ძალიან კონკრეტულად და ჩვენ განვმარტეთ, რას ვგულისხმობდით იმაში, რომ კარლ ჰარცელმა მხოლოდ ნეგატიური როლი შეასრულა ევროკავშირსა და საქართველოს შორის განვითარებულ ურთიერთობებში. ეს არის ფაქტი და ამაზე შეგვიძლია, ჩვენს მეგობრებს დეტალური ინფორმაცია მივაწოდოთ.

საჯაროდ რაღაცების საუბრისგან ჩვენ თავს ვიკავებთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, მეგობრებს, ევროპარლამენტარებს შეგვიძლია, გავუზიაროთ დეტალური ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რაში გამოიხატებოდა ეს უარყოფითი როლი, რომელიც ყოფილმა ელჩმა შეასრულა ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობებში. ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვთქვით იმედი, რომ მომავალი ელჩი იმოქმედებს სხვაგვარად“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროპარლამენტარები, დღის ბოლოს, „ქართული ოცნების“ ლიდერებს შეხვდნენ.

 

მსგავსი თემები