„ვერ გაიხსენებთ ვერც ერთ თავდასხმას რომელიმე ქართველი თანამდებობის პირისგან ამერიკის ელჩის მიმართ“ – ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ამერიკის ელჩის მისამართით თავდასხმა არასდროს ყოფილა და მას მსგავსი არაფერი ახსენდება.

„რაც შეეხება ნედ პრაისის გუშინდელ პრესკონფერენციას, ამასთან დაკავშირებით შეიძლება, ითქვას ერთი რამ – თქვენ ვერ გამახსენებთ, შეგიძლიათ, ახლავე იმსჯელოთ და შემახსენოთ, ვერ გაიხსენებთ ვერც ერთ  თავდასხმას რომელიმე ქართველი თანამდებობის პირისგან ამერიკის ელჩის მიმართ. არც ერთი ასეთი თავდასხმა არ ყოფილა.  ერთადერთი, რაც იყო, დაისვა გარკვეული კითხვები ჩვენი მხრიდან. საუბარი არ მაქვს სხვების მხრიდან დასმულ შეკითხვებზე. ჩვენ დავსვით გარკვეული კითხვები ორ თემაზე. პირველი თემა უკავშირდებოდა მოსამართლეზე შესაძლო ზეწოლის ფაქტს საელჩოს კონკრეტული თანამშრომლის მხრიდან. როდესაც ერთ-ერთი მოსამართლე ბრალს სდებს ამერიკის საელჩოს თანამშრომელს ზეწოლაში ელჩის სახელით, რა თქმა უნდა, ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ამაზე დაისვას კითხვები და ეს ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეფასდება, როგორც თავდასხმა“ – აცხადებს კობახიძე.

მისივე თქმით, როცა ისმის კითხვები ელჩის მისამართით, ამ კითხვებს უნდა გაეცეს პასუხი.

„ჩვენი კოლეგის, პარლამენტარის, მიშა ყაველაშვილის მხრიდან დაისვა რამდენიმე შეკითხვა. ერთია, ჩვენ რამდენად შეგვიძლია, ჩავერთოთ ამ საჯარო დისკუსიაში, მაგრამ როგორც კი ეს საკითხები ხდება საჯარო დისკუსიის ნაწილი, მაგალითად, რამდენად ემიჯნება თუ არ ემიჯნება ელჩი ომის რიტორიკას და ა.შ. როდესაც ეს კითხვები ისმება, ამის შემდეგ უკვე მნიშვნელოვანია ელჩის მხრიდან პასუხების მიღება. აქაც გაჩნდა ჩვენი მხრიდან გარკვეული შეკითხვები. როდესაც მარტივი შეკითხვები ისმის, რაზეც ელჩს შეუძლია, პასუხის მარტივად გაცემა და ამით წერტილის დასმა და ეს არ კეთდება, ეს, სამწუხაროდ, ეჭვებს აღრმავებს. ეს არავითარ შემთხვევაში არ არის თავდასხმა, როდესაც შეკითხვები ისმება“ – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

 

მსგავსი თემები