,,არავინ ცდილობს აშშ-ის საელჩოდან ზეწოლა მოახდინოს მოსამართლეებზე, ჩვენ ასე არ ვმუშაობთ”- კელი დეგნანი

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა გუშინდელი განცხადებით დაადასტურა, რომ ვაშინგტონი კარგად არის ინფორმირებული და ინტერესით აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.

„მე, როგორც აშშ-ის ელჩი, ყოველთვის მოხარული ვარ, ვუპასუხო შეკითხვებს. როგორც აშშ-ის წარმომადგენელს აქ, ყოველთვის მსურს, ვუპასუხო შეკითხვებს, რომლებიც ეხება საქართველოში აშშ-ის მუშაობას. ჩვენ საქართველოში ვიმყოფებით, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოს მოსახლეობას და თქვენს მისწრაფებებს, გახდეთ სრულად ინტეგრირებული ევროატლანტიკურ ოჯახში. როგორც მოისმინეთ ნედ პრაისისგან, ვაშინგტონი ძალიან კარგად არის ინფორმირებული იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება აქ, საქართველოში, დიდი ინტერესით აკვირდება ამბებს და აქ განვითარებულ მოვლენებს, რადგან საქართველო არის აშშ-ის მნიშვნელოვანი პარტნიორი და ჩვენ ძალიან ვზრუნავთ ამ ქვეყნის წარმატებაზე. სწორედ ამიტომ ჩვენ ვუჭერდით მხარს საქართველოს ასე მჭიდროდ და ფართოდ ბოლო 30 წლის განმავლობაში“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ამასთან, ელჩმა ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, არავინ ცდილობს აშშ-ის საელჩოდან ზეწოლა მოახდინოს მოსამართლეებზე.

“ჩვენი პროგრამები არაა შექმნილი იმისთვის, რომ ვინმე დაასანქციროს, ეს პროგრამები არის ღია მოსამართლეებისთვის, პროკურორებისთვის, იურისტებისთვის, მათ ვისაც აქვთ სურვილი, ითანამშრომლონ თავიანთ კოლეგებთან აშშ-ში და მიიღონ გამოცდილება. ჩვენი საქმიანობა საქართველოში სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით ბოლო 30 წლის განმავლობაში გულისხმობს სასამართლო სისტემის დახმარებას, რომ ის იყოს დამოუკიდებელი, გამჭვირვალე, რომ გადაწყვეტილებები დაფუძნებული იქნეს კანონზე, მტკიცებულებებზე და იქნეს მიღებული დამოუკიდებლად.

ძალიან სამწუხაროა, თუ ვინმე ცდილობს მოსამართლეებზე ზეგავლენის მოხდენას, თუმცა გარწმუნებთ, რომ ეს საელჩოს წარმომადგენელი ნამდვილად არ არის. მე მქონდა კარგი შეხვედრები ქართველ მოსამართლეებთან, მათ შორის უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარესთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, სადაც ჩვენ განვიხილავდით ჩვენს წარმატებულ თანამშრომლობას საქართველოს სისტემასთან, რაც მიმართულია უფრო დამოუკიდებელი, გამჭვირვალე სასამართლოს შექმნისკენ და განვიხილეთ ეს წარმატებული საქმიანობა.

არავინ ცდილობს აშშ-ის საელჩოდან ზეწოლა მოახდინოს მოსამართლეებზე, ჩვენ ასე არ ვმუშაობთ და ჩვენი სურვილია დავეხმაროთ საქართველოს სისტემას, იყოს უფრო დამოუკიდებელი და გამჭვირვალე”, – განაცხადა ელჩმა.

მსგავსი თემები