,,ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს პოლიტიკოსები ამბობდნენ, რა მოხდება, თუ ქართული ტანკები ცხინვალისა და სოხუმისკენ დაიძვრებიან – ამას არ გამოვეპასუხოთ?”- მიხეილ სარჯველაძე

„პირდაპირ ვამბობ და დღემდე მგონია, რომ არსებობენ პოლიტიკური ძალები – არა მხოლოდ საქართველოში, რომლებსაც სურვილი აქვთ და მსოფლიოს ახალ მოწყობას ასე ხედავენ, რომ კარგი იქნება ვინმესთვის ან პროცესების მიმდინარეობისთვის, რომ საქართველომ ომი გამოაცხადოს. ეს საქართველოსთვის კარგი არ იქნება,”-  ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

დეპუტატის თქმით,   შეიძლება, არსებობდნენ ძალები, რომელთაც მიაჩნიათ, რომ სწორი იქნება, თუ საქართველო დაიწყებს ომს, თუმცა კონკრეტულ პირებზე მისივე თქმით, არ საუბრობს.

,,საუბედუროდ, ასეთი ძალები არსებობენ. ამაზე შეგვიძლია, აბსოლუტურად დამაჯერებელად ვისაუბროთ, როდესაც ცალკეული პოლიტიკოსების მიერ გამოხატული პოზიცია მოგვისმენია. რატომ ითვლება ეს რომელიმე ევროპარლამენტარზე თავდასხმად? – ჩემთვის გაუგებარია. ამიტომ არავითარი ცვლილება რიტორიკაში, როგორც წამოჩენასაც ცდილობენ, სახეზე არ გვაქვს. დღესაც ვიმეორებ, რომ შეიძლება, არსებობდნენ ძალები, რომელთაც მიაჩნიათ, რომ სწორი იქნება, თუ საქართველო დაიწყებს ომს. ეს მცდარი და საქართველოსთვის დამღუპველი აზრია. ბუნებრივია, ამას ყოვეთვის წინ აღვუდგებით, მაგრამ რატომ ითვლება ეს გინდა თუ არა ევროკავშირის რომელიმე დეპუტატზე თავდასხმად? – ეს არასწორია.

კონკრეტურად არავისზე მითქვამს, რომ ეს მისი აზრია, თუმცა ასეთი ზოგადი ტენდენცია, მოსაზრება ევროპაში რომ არსებობს, შემიძლია ამაზე დანამდვილებით და დამაჯერებლად ვისაუბრო, გითხარით დასაბუთებული ვარაუდი. მათ შორის იყო ზოგიერთი პოლიტიკოსის გამოხმაურებები, რომლებიც რუსეთის მიერ წარმოწყებული აგრესიის ანალიზისას სვამდნენ კითხვას, რა მოხდება თუ ქართული ტანკები სოხუმისა და ცხინვალის მიმართოებით დაიძრებიან. ხომ გაჩნდა ასეთი იდეა? – რა ვთქვათ, რომ საქართველოს ინტერესებისთვის დასაშვები არ არის? ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს პოლიტიკოსები ამბობდნენ და ხმამაღლა მსჯელობდნენ იმის თაობაზე, რა მოხდება, თუ ქართული ტანკები ცხინვალისა და სოხუმისკენ დაიძრებიან – ამას არ გამოვეპასუხოთ და არ ვთქვა, რომ ეს ჩვენი ქვეყნისთვის კარგი არ იქნება. თუ ჩამოთვლით, რომ ეს ვინმეს მიმართ თავდასხმაა, დაე, ასე იყოს. ასეთი მანკიერი ტენდენცია შეიძლება, ევროპაში არსებობს, რასაც წინ უნდა აღვუდგეთ, რადგან ქვეყნისთვის დამღუპველია. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყანა იმ რელსებზე იდგეს, რაც ახლა გვაქვს და რომელიც ევროინტეგრაციას გულისხმობს. საბედნიეროდ, დღეს, საქართველოში ომი არ არის და შესაბამისად, ისეთივე ურგენტული საჭიროება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების არ არის“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მსგავსი თემები