„არის რაღაც ბრალდებები, მაგალითად იმაზე, რომ ევროკავშირი ჩვენგან ელოდება მეორე ფრონტს და ომს“ – პრეზიდენტი ევროპარლამენტარებთან

საქართველოს პრეზიდენტიმა და ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ევროპული გზა, ეს არის გადადგმული ნაბიჯი და უკან დახევა არ იქნება.

„ეს ვიზიტი იმართება დღეს, ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში, რომლიც ჩვენი ევროპული მომავლისთვის შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს. ჩვენთვის, ალბათ, ცოტა თუ ყოფილა ასეთი ისტორიული მომენტი. ამ დროს ევროპარლამენტარების მოსმენა და მათთვის ჩვენი გზავნილები უაღრესად მნიშვნელოვანია. ისიც უნდა ითქვას, რომ დღეს დელეგაცია საქართველოში რეგიონული ვიზიტის ფარგლებში იმყოფება, რაც ხაზს უსვამს ასევე, დღევანდელ მსოფლიოში რეგიონის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას.

საქართველო და ევროკავშირი – ჩვენ უნდა გვესმოდეს (და ეს ალბათ, მთავარია ამ ქვეყნისთვის), რომ ევროპული პერსპექტივა, რომელიც ევროპარლამენტისა და ევროპული საბჭოს მიერ მოგვენიჭა უაღრესად მნიშვნელოვანია. ჩვენ ზოგჯერ გვავიწყდება და ვერ ვხედავთ, რომ ეს არის გადადგმული ნაბიჯი და უკან დახევა არ იქნება, მაგრამ ეს ჩვენგან მოითხოვს, ვიყოთ ამ ევროპული პერსპექტივის ღირსნი“ – აღნიშნა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, ყველაფერი დამოკიდებულია, თუ რპგორ შეასრულებს საქართველოს ხელისუფლება 12 პუნქტიან დავალებას.

„მეორე მხრივ, უახლოესი მომავლისთვის შეიძლება, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის განცხადება, რომ ჩვენ წლის ბოლოს მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი, თუ შევასრულებთ იმ მთავარი რეკომენდაციების 12 პუნქტს, რომელზე მუშაობაც უნდა დაიწყოს. ეს მუშაობა უნდა დაიწყოს ჯერ ერთი, ბრიუსელში. მე კიდევ ველოდები, რომ ხელისუფლების წარმომადგენელები წავლენ ბრიუსელში, რათა კომისიასთან გაარკვიონ დეტალები: როგორ უნდა შესრულდეს ამ პუნქტების ნაწილი.

მუშაობა უნდა დაიწყოს პარლამენტში და მე ამისთვის მოვაწერე ხელი განცხადებას, რომ შედგეს საზაფხულო სესია. როცა ჩვენ 6 თვე გვაქვს, სრულიად გაუგებარია, რომ ჩვენ ახლავე არ დავიწყოთ მუშაობა და მე მგონი, ეს გაუგებარია ჩვენი ევროპარლამენტარი მეგობრებისთვისაც.

კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ ერთად მუშაობა ნიშნავს პარლამენტში სესიის, პლენარული სხდომის, ან კომიტეტების ფორმატში და ასევე, უმრავლესობის მიერ წარდგენილ სამუშაო ჯგუფებში მუშაობას. ყველგან უნდა ვიმუშაოთ! ყველამ ყველგან უნდა იმუშაოს! იმაზე უარის თქვა და ამაზე კი – ასე არ გამოვა, თუ ჩვენ რეალურად გვინდა ის, რასაც ჩვენი საზოგადოების 85% უჭერს მხარს. მხოლოდ ერთად მუშაობა. იმის გარკვევა რაში ვეთანხმებით და არ ვეთანხმებით ერთმანეთს ეს ცალ-ცალკე არ ხდება. ეს ყველასთვის ძალიან მარტივად გასაგებია.

ეს, პირველ რიგში, უმრავლესობის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან მთავარი ბერკეტები პარლამენტში, თუ მთავრობაში უმრავლესობის ხელშია. მათ ხელშია ამ კანდიდატობის [სტატუსის] მიღწევა. ამას ასევე, კონსტრუქციული ოპოზიცია სჭირდება, რომელიც ყველაფერზე არ დაიწყებს ოპონირებას, მაგრამ კიდევ ერთხელ, მთავარი პასუხისმგებლობა (და ესეც კარგად იცის მოსახლეობამ), ხელისუფლებაზეა.

ამისთვის საჭიროა, ჩვენ გადავიდეთ ერთმანეთთან რაღაცა ჭიდილიდან, რომელიც არამხოლოდ შიგნით, ასევე გარეთაც არის. ჩვენ მოგვისმენია ევროპარლამენტარებთან ერთგვარი პინგპონგი. მე ისიც ვთქვი, რომ შეიძლება ზოგჯერ სჯობდეს – პასუხები არ იყოს და მოვუწოდე, რომ ეს დიალოგი ცოტა სხვა ფორმებში გადავიყვანოთ. მივმართავ ხელისუფლებას, არის რაღაცეები, რაც არ შეიძლება ითქვას.

არის რაღაც ბრალდებები, მაგალითად იმაზე, რომ ევროკავშირი ჩვენგან ელოდება მეორე ფრონტს და ომს. ეს მიუღებელია! არ შეიძლება, ამ პირობებში, დავიწყოთ რამე ფორმის დიალოგი იმ ადამიანებთან, რომლებიც აქ ჩამდიან იმისთვის, რომ ყველანაირად გვაჩვენონ, რომ მხარს უჭერენ ამ ჩვენ ძალიან რთულ პროცესს, რომელიც მიგვიყვანს კანდიდატის სტატუსამდე“ – აღნიშნა პრეზიდენტმა.

 

მსგავსი თემები