„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროპარლამენტარებს გააცნობს რეალურ ვითარებას, მათ შორის მტკიცებულებების დონეზე, თუ ვის შეიძლება, მიესადაგოს ოლიგარქის უკრაინული ცნება და ვის არა. მისივე ინფორმაციით, შეხვედრა ხვალ გაიმართება.
„ყველა თემაზე გვექნება საუბარი, ყველა თემას შევეხებით, მათ შორის ჩვენს ხედვებთან დაკავშირებით 12 პუნქტის შესრულების გეგმაზე, მათ შორის დეოლიგარქიზაციაზე. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათი მოსაზრებების მოსმენა ამაზე. ჩვენ გავაცნობთ რეალურ ვითარებას, მათ შორის მტკიცებულებების დონეზე, თუ ვის შეიძლება, მიესადაგოს მაგალითად ოლიგარქის ცნება, ოლიგარქის უკრაინული ცნება და ვის არა.
რამდენჯერმე უკვე ვთქვი და ეს არის ფაქტებით დადასტურებული, რომ ბიძინა ივანიშვილს რა თქმა უნდა არ მიესადაგება ეს თემა. რატომ – ერთია თანხა, მაგრამ არის სხვა კრიტერიუმები, ეს არის პოლიტიკაზე, მედიაზე გავლენა და სწორედ ეს კრიტერიუმები ამ შემთხვევაში არ არის სახეზე. აქედან გამომდინარე, უკვე არაერთხელ ვთქვით და კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ ბიძინა ივანიშვილს, რა თქმა უნდა, არ მიესადაგება ოლიგარქის ცნება, მაგრამ ეს ცნება მიესადაგება არაერთ ისეთ პირს, რომელიც აფინანსებს ოპოზიციას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.