,,12 პუნქტზე მუშაობა უნდა დაიწყოს ბრიუსელშიც და ველოდები იქ ხელისუფლების წარმომადგენლების წასვლას”- სალომე ზურაბიშვილი

,,12 პუნქტზე მუშაობა უნდა დაიწყოს ბრიუსელშიც და კიდევ ველოდები იქ ხელისუფლების წარმომადგენლების წასვლას”,- ამის შესახებ  საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თბილისში ვიზიტად მყოფი ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრეზიდენტის განცხადებით,  დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს ქვეყანამ ევროკომისიის მიერ დადგენილი 12 რეკომენდაციის შესრულებაზე მუშაობა. მისივე თქმით, მთავარი პასუხისმგებლობა მმართველ გუნდს ეკისრება.

,,ეს მუშაობა უნდა დაიწყოს ჯერ ერთი ბრიუსელში, სადაც მე კიდევ ველოდები, რომ აქედან წავიდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომ კომისიასთან გაარკვიონ ზოგიერთი დეტალი და როგორ უნდა შესრულდეს ამ პუნქტების ზოგიერთი ნაწილი. მუშაობა უნდა დაიწყოს პარლამენტში და ამისთვის მოვაწერე ხელი განცხადებას, რომ შედგეს საზაფხულო სესია, რამეთუ ჩვენ როცა გვაქვს ექვსი თვე, სრულიად გაუგებარი არის და მგონი, გაუგებარია ჩვენი ევროპალმენტარი მეგობრებისთვის, არ დავიწყოთ მუშაობა ახლავე. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ იმას, რომ ერთად მუშაობა ნიშნავს პარლამენტში, სესიის ფორმით, კომიტეტებში, ანუ ან პლენარულ სხდომაზე ან კომიტეტებში, ასევე ხელისუფლების, უმრავლესობის მიერ წარდგენილ სამუშაო ჯგუფებში. ყველგან უნდა ვიმუშაოთ და ყველამ ყველგან უნდა იმუშაოს. იმაზე უარის თქმა და ამაზე კი, ასე არ გამოვა, თუ ჩვენ რეალურად გვინდა ის, რასაც რეალურად უჭერს მხარს ჩვენი საზოგადოების 85%. მხოლოდ მუშაობა, ერთად მუშაობა, იმის გარკვევა, რაში ვეთანხმებით ერთმანეთს და არ ვეთანხმებით, ცალ-ცალკე ეს არ ხდება და ეს ძალიან მარტივად გასაგები არის ყველასთვის. აქ არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ამ შემთხვევაში უმრავლესობის, რამეთუ ბერკეტები, მთავარი ბერკეტები არის უმრავლესობის, პარლამენტში იქნება, თუ მთავრობაში, მათ ხელში არის მიღწევა ამ კანდიდატურის. ასევე, ამას სჭირდება კონსტრუქციული ოპოზიცია, რომელიც ყველაფერზე არ დაიწყებს ოპონირებას. მაგრამ, კიდევ ერთხელ მთავარი პასუხისმგებლობა, და ესეც კარგად იცის მოსახლეობამ, არის ხელისუფლების. ერთმანეთთან რაღაცა ჭიდილი, რომელიც არა მხოლოდ შიგნით არის, ასევე გარეთ და ჩვენ მოგვისმენია ევროპარლამენტარებთან ერთგვარი პინგ-პონგი, მე ისიც ვთქვი, რომ შეიძლება, ზოგჯერ სჯობდეს, პასუხები არ იყოს და მოვუწოდე, რომ ჩვენ გადავიყვანოთ ეს დიალოგი ცოტა სხვა ფორმებში, მაგრამ მივმართავ ხელისუფლებას, არის რაღაცები, რაც არ შეიძლება, ითქვას, არის რაღაცა ბრალდებები, მაგალითად, იმაზე, რომ ევროკავშირი ჩვენგან ელოდება მეორე ფრონტს და ომს, ეს არის მიუღებელი. არ შეიძლება, ამ პირობებში დავიწყოთ რაიმე ფორმის დიალოგი იმ ადამიანებთან, რომლებიც აქ ჩამოდიან, რათა ყველანაირად გვაჩვენონ, რომ მხარს უჭერენ ამ ჩვენს ძალიან რთულ პროცესს, რომელიც მიგვიყვანს კანდიდატის სტატუსამდე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა

მსგავსი თემები