,,ბრალდებები, რომ ევროკავშირს საქართველოში მეორე ფრონტს და ომს ელოდება, მიუღებელია”- სალომე ზურაბიშვილი

,,ჩვენ მოგვისმენია ევროპარლამენტარებთან ერთგვარი პინგ-პონგი, არის რაღაცები რაც არ შეიძლება ითქვას, არის რაღაც ბრალდებები, მაგალითად იმაზე, რომ ევროკავშირი ჩვენგან ელოდება მეორე ფრონტს და ომს, ეს არის მიუღებელი”- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თბილისში ვიზიტად მყოფი ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროპარლამენტარების ვიზიტი ქვეყნისთვის ისტორიულ მომენტში, ძალიან მნიშვნელოვანია და შეიძლება აღმოჩნდეს გადამწყვეტი ჩვენი ევროპული მომავლისთვის.

„ვიზიტი ტარდება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან მომენტში, ჩვენთვის ცოტა ყოფილა ასეთი ისტორიული მომენტი. ეს ვიზიტი შეიძლება აღმოჩნდეს გადამწყვეტი ჩვენი ევროპული მომავლისთვის. ამ დროს ევროპარლამენტარების მოსმენა და მათთვის ჩვენი გზავნილები უაღრესად მნიშვნელოვანი არის. ისიც უნდა ითქვას, რომ ევროპარლამენტარები დღეს ჩამოსული არიან რეგიონალური ვიზიტის ფარგლებში. ეს ხაზს უსვამს ასევე ამ რეგიონის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას დღევანდელ მსოფლიოში,”- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის თქმით, დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს ქვეყანამ ევროკომისიის მიერ დადგენილი 12 რეკომენდაციის შესრულებაზე მუშაობა.

,,ჩვენ უნდა გვესმოდეს და ალბათ, ეს არის მთავარი ამ ქვეყნისთვის, რომ ევროპული პერსპექტივა, რომელიც მოგვენიჭა ევროპარლამენტის და ასევე, ევროპული საბჭოს მიერ, უაღრესად მნიშვნელოვანია. ზოგჯერ ჩვენ ეს გვავიწყდება და ვერ ვხედავთ, რომ ეს არის გადადგმული ნაბიჯი, რომელზეც უკან დახევა არ იქნება. ეს მოითხოვს ჩვენგან, რომ ამ ევროპული პერსპექტივის ღირსი ვიყოთ. მეორე მხრივ, შეიძლება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყოს უახლოესი მომავლისთვის ის განცხადება, რომ ჩვენ მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი წლის ბოლოს, თუკი იმ მთავარ რეკომენდაციებს შევასრულებთ, რასაც 12 პუნქტს ვეძახით და რაზეც მუშაობა უნდა დაიწყოს. ეს მუშაობა უნდა დაიწყოს ბრიუსელში, სადაც ველოდები, რომ აქედან წავიდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომ კომისიასთან გაარკვიონ ზოგიერთი დეტალი“,-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები