დეველოპერებს “ხრუშჩოვკების” ჩანაცვლების პროექტში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ

  •  

თბილისის საკრებულოს ვარკეთილის მესამე მასივის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი დოხტურიშვილი  აცხადებს, რომ ე.წ ხრუშჩოვკების ჩანაცვლების პროექტში ბიზნესსექტორის მონაწილეობა მნიშვნელოვანია და იმედოვნებს, რომ აღნიშნული პროექტის მიმართ ინტერესი ამჯერად მაღალი იქნება. საუბარია ვარკეთილის მესამე მასივში, 3 ჰექტარ მიწის ტერიტორიაზე 75 ათასი კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ზონის გაშენებაზე.  

საკრებულოს წევრი, “ხრუშჩოვკების” ახალი საცხოვრებელი შენობებით ჩანაცვლებას ისტორიული მნიშვნელობის პროცესს უწოდებს და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს მიმართავს, საკუთარი წვლილი შეიტანონ ამ  მასშტაბური და უპრეცენდენტო პროექტის განხორციელებაში.

როგორც გიორგი დოხტურიშვილი აცხადებს, საპილოტე პროექტი პირველად მისი სამაჟორიტარო ოლქიდან, ვარკეთილის მესამე მასივიდან დაიწყება. პირველ ეტაპზე, შენობის ავარიულობის ხარისხის სიმძიმის მიხედვით, ეტაპობრივად დაკმაყოფილდებიან ოჯახები, ვინც წლების განმავლობაში ასეთ სახლებში ცხოვრობდა. 

აღსანიშნავია, რომ თბილისის მერიამ, ვარკეთილში „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების პროექტზე ინტერესთა გამოხატვას კიდევ ერთხელ გამოაცხადა.  დედაქალაქის მერი კახა კალაძე იმედოვნებს, რომ ამჯერად, აღნიშნული პროექტის მიმართ ინტერესი დიდი იქნება და თბილისში ავარიული კორპუსების ჩანაცვლება ეტაპობრივად დაიწყება.

კახა კალაძის ინფორმაციით, ქალაქში არსებული ძალიან ბევრი “ხრუშჩოვკა” რეაბილიტაციას აღარ ექვემდებარება და მათი ჩანაცვლება აუცილებელია.

“ვარკეთილში ავარიული „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლება უნდა მოხდეს. რამდენიმე ხნის წინ გამოცხადებული კი გვქონდა ინტერესთა გამოხატვა, თუმცა უშედეგოდ დასრულდა. ამის შემდეგ გვქონდა შეხვედრა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან, დეველოპერებთან, მშენებლებთან და გარკვეული წინადადებაში ცვლილებები შევიტანეთ. ამჯერად, მთელი მთავრობის მოლოდინია, რომ პროცესს მაღალი ინტერესი მოჰყვება. ეს არის საპილოტე პროექტი და მგონია, რომ წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ავარიული შენობების ჩანაცვლებას ეტაპობრივად დავიწყებთ“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, კონკრეტული პროექტისა და ინტერესთა გამოხატვის შესახებ დეტალური ინფორმაცია მერიის ვებგვერდზე განთავსდება. დაინტერესებულ პირებს ასევე შეუძლიათ, ეკონომიკის განვითარების საქალაქო სამსახურს მიმართონ.

მსგავსი თემები