,,ევროკავშირმა საქართველო პოტენციურ მომავალ წევრად ოფიციალურად აღიარა”- კარლ ჰარცელი

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და მისი მეუღლე მეტე ჰარცელი საქართველოს მოქალაქეებისადმი გამოსამშვიდობებელ ვიდეომიმართვას ავრცელებენ.

როგორც, კარლ ჰარცელი აღნიშნავს, გასულ თვეს, ევროკავშირმა დაადასტურა, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა აქვს, და რომ საქართველო ევროპული ერების ოჯახის წევრია. მისივე თქმით, ევროკავშირმა საქართველო პოტენციურ მომავალ წევრად ოფიციალურად აღიარა.

,,გასულ თვეს, ევროკავშირმა დაადასტურა, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა აქვს, და რომ საქართველო ევროპული ერების ოჯახის წევრია. თქვენ ალბათ  იცოდით, რომ საქართველო ევროპული ქვეყანა იყო, ვიცოდი მეც და იცოდა საქართველოს ბევრმა სხვა მეგობარმაც, თუმცა არ შეიძლება არ დავაფასოთ ის, რომ ევროკავშირმა საქართველო პოტენციურ მომავალ წევრად ოფიციალურად აღიარა.

მიუხედავად იმისა, რომ წინ არაერთი ბრძოლაა, ჩვენთვის საამაყოა, რომ ვართ ამ ისტორიული მომენტის მომსწრენი და გვჯერა, რომ ამ მომენტით შექმნილ შესაძლებლობებს საქართველო წარმატებით გამოიყენებს. არა მხოლოდ იმიტომ, რომ  ისტორიის მანძილზე არაერთხელ დაამტკიცეთ, რომ უკან დახევას არ ეგუებით, არამედ იმიტომაც, რომ საქართველო ევროპულ საფუძველს ეყრდნობა. საქართველოც იღებდა მონაწილეობას იმ ღირებულებების ჩამოყალიბებაში, რასაც დღეს ევროპულ ღირებულებებს უწოდებენ და ამიტომ, გაქვთ შესაძლებლობა, წვლილი შეიტანოთ ევროპის გაძლიერებაში,”- განაცხადა კარლ ჰარცელმა.

შეგახსენებთ, ელჩმა კარლ ჰარცელმა დაასრულა თავისი ოთხწლიანი დიპლომატიური მისია, როგორც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საქართველოში.

მსგავსი თემები