,,ვატო წერეთლის მხრიდან განხორციელდა უბინძურესი პროვოკაცია, რომელიც სავარაუდოდ დანაშაულის ნიშნებს შეიცავს”- ანრი ოხანაშვილი

,,ყველა სამართლებრივ ნიუანსებზე საგამოძიებო ორგანოსთან ვისაუბრებ, ვატო წერეთლის მხრიდან უბინძურესი პროვოკაცია განხორციელდა, რაც სავარაუდოდ დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასზე შესაბამისი რეაგირება უნდა მოხდეს,”- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

უმრავლესობის წევრის განმარტებით, აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტი ასახულია კამერებზე და ყველაფერი უნდა გასაჯაროვდეს.

„ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან და პარტნიორებთან არაერთი კომუნიკაცია მქონდა, მათ შორის საელჩოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. ადგილი ჰქონდა უბინძურეს პროვოკაციას უმძიმესი შეურაცხყოფით, რომელიც სავარაუდოდ დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ყველაფერი ასახულია კამერებზე, ყველაფერი დაინახა იქ მყოფმა ხალხმა. ტყუილების კასკადია, რაც ამ ადამიანმა იკადრა, თითქოს ის ჩემთან არ მოსულა, თითქოს მანამდე ხელი ჩამომართვა და მომიკითხა, თითქოს, მივედი და ფიზიკურად გავუსწორდი. იმედი მაქვს, ყველაფერი გასაჯაროვდება და დღის შუქზე გამოვა.

ჩემი მხრიდანაც ყველაფერი დაფიქსირებულია პროკურატურაში და გამოძიება ყველაფერზე უნდა დაიწყოს, რასაც პროკურატურა საჭიროდ ჩათვლის. მზად ვართ, ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან მეც და ჩემი კოლეგებიც. ყველა სამართლებრივ ნიუანსებზე საგამოძიებო ორგანოსთან ვისაუბრებ, ამ ადამიანის მხრიდან უბინძურესი პროვოკაცია განხორციელდა, რაც სავარაუდოდ დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასზე შესაბამისი რეაგირება უნდა მოხდეს.

ჩემი ქმედება სრულად ჯდება იმ სამართლებრივ ჩარჩოში, რომელიც ნებადართული იყო, რომ პროპორციულად განხორციელებულიყო – ყველა ნაბიჯი, ყველა ჩემი ქმედება იმ სამართლებრივ ჩარჩოშია, რომელიც ლეგიტიმურად მე, როგორ სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობის პირს მქონდა. მქონდა თმენის ვალდებულება იქამდე, სადამდეც თმენის ვალდებულება იმ ზღვარს გადავიდა, რასაც დანაშაულის ნიშნები და კონკრეტული საფრთხე ჰქვია. ყველაფერი ასახულია კამერებზე და ყველაფერი დანახულია არაერთი პირის მიერ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მსგავსი თემები