,,სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებზეა დამოკიდებული, ლაშა ჩხიკვაძის უკანონო განაჩენს ძალაში დატოვებენ, თუ პირიქით”- დიმიტრი საძაგლიშვილი

თბილისის სააპელაციო სასამართლოში „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას ესწრება ნიკა გვარამიაც.

სხდომის დაწყებამდე, ნიკა გვარამიას უფლებადამცველმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებზეა დამოკიდებული შეცვლიან თუ არა, პირველ ინსტანციაში მიღბულ გადაწყვეტილებას.

„არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ პროგნოზები გავაკეთო. რეალურად, დღეს უკვე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებზე: მერაბ ჯორბენაძეზე, დავით მამისეიშვილსა და ლავრენტი მაღლაკელიძეზეა დამოკიდებული, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ისინი. კერძოდ, ლაშა ჩხიკვაძის უკანონო განაჩენს ძალაში დატოვებენ, რომლის შედეგად, ჩვენ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმარი მივიღეთ და რომლის შედეგად, საქართველოს ევროპული მომავალი და საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე სვლა შეფერხდა, თუ პირიქით, პირველ ინსტანციაში ჩადენილ უკანონობას და დაშვებულ შეცდომებს გამოასწორებენ და ამ ქვეყნის ყველაზე გავლენიანი კრიტიკული მედიასაშუალების გენერალური დირექტორის პატიმრობას დაასრულებენ. უბრალოდ, ამ მოსამართლეებს მათი პასუხისმგებლობის ხარისხი ძალიან კარგად უნდა ესმოდეთ, ვინაიდან სწორედ მათზეა დამოკიდებული, იტვირთებენ თუ არა ძალიან, ძალიან მძიმე პროფესიულ და მორალურ ტვირთს, იმიტომ რომ საქართველო არის მომავლის განსაზღვრის ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე. დარწმუნებული ვარ, ახლო მომავალში თითოეული ადამიანის მოქმედება და გადაწყვეტილება ლუპით იქნება შეფასებული, რომელიც ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს აფერხებს,“ – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

მსგავსი თემები