„რიგგარეშე სხდომის მოწვევას ხელი არ მოვაწერეთ, ეს სიცანცარე იყო”- ალეკო ელისაშვილი

პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, პარტიამ რიგგარეშე სხდომის მოწვევას ხელი არ მოაწერა, იმ მიზეზით, რომ ეს ,,სიცანცარე” იყო. მისივე თქმით,  ოპოზიციის ,,სიცანცარის” გამო, „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ გამარჯვებული გამოვიდა.

„რიგგარეშე სხდომის მოწვევას ხელი არ მოვაწერეთ, ოპოზიციას ვეუბნებოდით, რომ ეს სიცანცარე იყო. მათ ვუთხარით, როგორ უნდოდათ, საკონსტიტუციო ცვლილებები გამოეტანათ, თუ „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმებული არ იყო, რადგან 113 ხმა უნდა. ოპოზიციის ხმები რომ გაამრავლო, მაინც არ ეყოფოდა. რატომ აკეთებენ ამას? კი ბატონი, პოლიტიკაა და შოუს ელემენტებს შეიცავს, მაგრამ მხოლოდ შოუ ხომ არ უნდა იყოს? გუშინ, ხალხს რა ვაჩვენეთ, „ქართულ ოცნებას“ ნიღაბი ჩამოვხსენით? ოპოზიციის სიცანცარის გამო, „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ გამარჯვებული გამოვიდა, ცოტა მეტი სერიოზულობა გვმართებს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაეთანხმა ოპოზიციის ნაწილის მოთხოვნას და განაცხადა, რომ პარლამენტის რიგგარეშე სხდომების მოწვევას 18 ივლისიდან გეგმავდა. პრეზიდენტის განკარგულებას რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე არ შეუერთდა მმართველი პარტია.

მსგავსი თემები