რუსული თაფლის შემომტან კომპანიას დისკვალიფიკაცია მიენიჭა ​

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ, თაფლის ტენდერში მონაწილე რუსული თაფლის შემომტან კომპანიას დისკვალიფიკაცია მიანიჭა. მათი შეფასებით, წარმოდგენილი ნიმუში არ აკმაყოფილებდა სატენდერო დოკუმენტაციითა და კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. 

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ნატურალური თაფლის (CON18000093) ტენდერთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ტენდერში მონაწილე კომპანია “ვ.ტ”-მ მოქმედი კანონმდებლობისა და სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნის შესაბამისად წარმოადგინა შესყიდვის დაბალი ფასი და ნატურალური თაფლის ნიმუში.

“სატენდერო კომისიამ შეაფასა წარმოდგენილი ნიმუში. კომისიის გადაწყვეტილებით, პრეტენდენტს მიენიჭა დისკვალიფიკაცია. ვინაიდან, წარმოდგენილი ნიმუში არ აკმაყოფილებდა სატენდერო დოკუმენტაციითა და კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. დისკვალიფიკაციის საფუძვლები დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი N70-ში“, – ნათქვამია განცხადებაში.

​სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს მიერ თაფლის შესყიდვაზე გამოცხადებულმა ტენდერმა ქართველ მეფუტკრეებში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ამასთან დაკავშირებით, „საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების“ წევრებმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელიას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითშვილსა და სახელმწიფო შესყიდვების ეროვნულ სააგენტოს ღია წერილით მიმართეს.

წერილში აღნიშნულია, რომ რუსული წარმოების თაფლის შესაძლო შესყიდვამ, საქართველოს მეფუტკრეებში (და არა მარტო) შესაძლოა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვიოს და პროტესტის გამოხატვის უფრო ფართო მასშტაბები მიიღოს. 

ასოციაციის წევრები მიმართავენ მთავრობას, მათ ხელთ არსებული ყველა საშუალება გამოიყენონ, რათა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ საქართველოში წარმოებული თაფლი შეისყიდოს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობამ გამოცხადებული ტენდერის თანახმად, 1 024 800 ლარის ღირებულების 73 200 კგ რუსული თაფლის შესყიდვას გეგმავს. ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ვებგვერდზეა განთავსებული. კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიის სხდომის ოქმის თანახმად, თაფლის შესყიდვის ყველაზე დაბალი ფასის სატენდერო წინადადება შპს „ვ.ტ.”-მ წარადგინა.  

შპს „ვ.ტ“-ს ასპროცენტიანი წილის მფლობელი იური ჯოგლიძე ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, რუსული წარმოების შპს „აპიდეის“ თაფლს საქართველოს მთავრობას კილოგრამს 14 ლარად მიჰყიდის.

მსგავსი თემები