,,გავაორმაგებთ გაზის მიწოდებას აზერბაიჯანიდან ევროკავშირში”- ურსულა ფონ დერ ლაიენი

,,ევროკავშირმა გადაწყვიტა რუსეთისგან დივერსიფიცირება და უფრო სანდო პარტნიორებზე გადართვა. მოხარული ვარ, რომ მათ შორის აზერბაიჯანიც მეგულება,”- ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ბაქოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი გაზის მიწოდებას აზერბაიჯანიდან გააორმაგებს, რაც დაეხმარება რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტის კომპენსირებას.

„უკრაინაში რუსეთის ბრუტალურ შეჭრამდეც რუსული გაზის მიწოდება ევროკავშირში სანდო აღარ იყო, ამიტომ ევროკავშირმა გადაწყვიტა რუსეთისგან დივერსიფიცირება და უფრო სანდო პარტნიორებზე გადართვა. მოხარული ვარ, რომ მათ შორის აზერბაიჯანიც მეგულება. თქვენ ნამდვილად ხართ უმნიშვნელოვანესი ენერგოპარტნიორი ჩვენთვის და ყოველთვის სანდო იყავით. უმნიშვნელოვანესი პარტნიორი ხართ არა მხოლოდ უსაფრთხო მიწოდებაში, არამედ ჩვენს ძალისხმევაში, მივაღწიოთ კლიმატურ ნეიტრალიტეტს.

ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელსაც ახლა მოვაწერეთ ხელი, ჩვენს ენერგეტიკულ პარტნიორობას კიდევ უფრო მტკიცეს ხდის. მინდა, გამოვყო სამი პუნქტი ჩვენი მემორანდუმიდან. პირველი – ჩვენ გავაორმაგებთ გაზის მიწოდებას აზერბაიჯანიდან ევროკავშირში. ნამდვილად, ამ ურთიერთგაგების მემორანდუმით, ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, გავაფართოვოთ „სამხრეთის გაზის დერეფანი“. ეს უკვე არის ძალიან მნიშვნელოვანი მიწოდების მარშრუტი ევროკავშირში, რომელიც ამჟამად 8 მილიარდ კუბურ მეტრ აირს აწვდის წლიურად. ჩვენ რამდენიმე წელიწადში გავზრდით ამ მოცულობას 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე. შემდეგი წლიდან ჩვენ უკვე უნდა მივაღწიოთ 12 მილიარდი კუბური მეტრის მიწოდებას. ეს დაეხმარება რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტის კომპენსირებას და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ევროპის მიწოდების უსაფრთხოებას.

ურთიერთგაგების მემორანდუმში მეორე მნიშვნელოვანი პუნქტი განახლებადი ენერგიის საკითხებია. აზერბაიჯანს განახლებად ენერგიაში უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია. დღეს ამ მემორანდუმით საფუძველი ჩავუყარეთ მყარ თანამშრომლობას ამ სფეროში. ასე რომ, თანდათანობით აზერბაიჯანი წიაღისეული საწვავის მიმწოდებლიდან განახლებადი ენერგიის ძალიან სანდო და გამორჩეულ პარტნიორად გარდაიქმნება“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მსგავსი თემები