,,არავის არ უნდა ჰქონდეს იმის უფლება, დაიბაროს მოსამართლე და მოსთხოვოს ანგარიში კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით”- ირაკლი კობახიძე

,,არავის არ უნდა ჰქონდეს იმის უფლება, მათ შორის არც დეპუტატს, პოლიტიკოსს და არც დიპლომატს, რომ დაიბაროს რომელიმე მოსამართლე და მოსთხოვოს ანგარიში კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით,”- ასე ეხმიანება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის განცხადებას.

კობახიძის განცხადებით, მოსამართლემ  სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა და ფაქტობრივად ბრალდება არის წაყენებული კონკრეტული დიპლომატის მიმართ.

„საკმაოდ სკანდალური ინფორმაციაა, რაც გაავრცელა მოსამართლემ. პრაქტიკულად ბრალდება არის წაყენებული კონკრეტული დიპლომატის მიმართ, კონკრეტული საელჩოს თანამშრომლის მიმართ. ამას სჭირდება რა თქმა უნდა, მკაფიო პასუხის გაცემა. როდესაც მოსამართლე, რომელსაც საქართველოს სახელით გამოაქვს გადაწყვეტილებები, განაჩენები ასეთი ხარისხით ბრალდებას უყენებს დიპლომატს, ამას სჭირდება მკაფიო პასუხი. უნდა გავერკვეთ, რაში იყო საქმე. არავის არ უნდა ჰქონდეს იმის უფლება, მათ შორის არც დეპუტატს, პოლიტიკოსს და არც დიპლომატს, რომ დაიბაროს რომელიმე მოსამართლე და მოსთხოვოს ანგარიში კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. მით უმეტეს საქმე ეხება იმას, რომ ამ საქმის გამო ვიზიტიც გაუქმდა. ეს საერთოდ კატასტროფაა. ეს არის როგორც ვენის კონვენციის დარღვევა, ასევე საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა და ამას სჭირდება ჩაძიება. ამის მარტივად გატარება არ შეიძლება, როდესაც მოსამართლე ასეთ ბრალდებას აყენებს. პროკურატურას მიმართა და ელოდება გამოძიებას. როგორც კი მიმართა მაშინვე დაიწყო პროცესი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებით, საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ, მას შეხვედრა ჰქონდა აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელთან, რომელმაც უთხრა, რომ ელჩს აინტერესებდა, რატომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი და გამოიყენა თავისუფლების აღკვეთა ნიკა გვარამიას მიმართ.

მსგავსი თემები