,,სოსო გოგაშვილს წლებია, „ქართულ ოცნებასთან“ შეხება არ აქვს”- ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის დაკავებას ეხმიანება. მისი თქმით, გოგაშვილის დიდი ხანია შემხებლობა აღარ აქვს „ქართულ ოცნებასთან“  და აღნიშნულ საქმეზე კომენტარი პოლიტიკოსებმა არ უნდა აკეთონ.

„მას ( სოსო გოგაშვილს) ძალიან დიდი ხანია შეხება არა აქვს „ქართულ ოცნებასთან“ ეს ერთი და მეორე, უმჯობესია, რა თქმა უნდა, ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარები აკეთონ არა პოლიტიკოსებმა, არამედ სამართალდამცავმა ორგანოებმა და ეს ასეც იქნება. ჩვენ უნდა დაველოდოთ სამართალდამცავი ორგანოების კომენტარს იმასთან დაკავშირებით თუ რას ეხება სისხლის სამართლის საქმის გამოძიება და დეტალებს მოისმენთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან,  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, საქმის დეტალების შესახებ სამართალდამცავი ორგანოები ისაუბრებენ.

„დეტალებს მოვისმენთ მათგან. მთავარია, დანაშაული თუ არის ჩადენილი, ამ შემთხვევაში, მას სჭირდება გამოძიება და შესაბამის კითხვებზე პასუხს გაგცემენ სამართალდამცავი ორგანოები. მათი საქმეა ეს ყველაფერი. როდესაც ჩაითვალა, რომ საკმარისი იყო მტკიცებულებები, მაშინ დაიწყო“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთის, სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი 16 ივლისს, მისივე სახლში ჩატარებული რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის შემდეგ დააკავეს. მას ბრალი სამი მუხლით – იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოების ან პერსონალური მონაცემების ხელყოფის მუხლებით აქვს წარდგენილი.

მსგავსი თემები