,,ივანიშვილს არავის დაცვა არ სჭირდება, თავად შეუძლია”- ირაკლი კობახიძე ღარიბაშვილის წერილზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეირაკლი ღარიბაშვილის მიერ ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის გაგზავნილ წერილს ეხმიანება.

კობახიძის თქმით, კონკრეტული პოლიტიკური ძალები ცდილობენ დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებული ჩანაწერი დაუკავშირონ ბიძინა ივანიშვილს. მისი თქმით, ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია სიცხადის შეტანა ევროკომისიის მხრიდან.

„მთავარი მიზანი არის რა – ჩვენ ვნახეთ, რომ სპეკულაციებისთვის გამოიყენება როგორც რეზოლუცია, ასევე ის ჩანაწერი, რომელიც მოხვდა ევროკომისიის შეფასებაში დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით. კონკრეტული პოლიტიკური ძალები და მათი ლობისტები ცდილობენ, ეს ჩანაწერი დაუკავშირონ ბიძინა ივანიშვილს და ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია სიცხადის შეტანა ევროკომისიის მხრიდან. მნიშვნელოვანია, რომ ეს პოზიცია საჯაროდ დაფიქსირდეს, რათა სპეკულაციებისთვის არ დარჩეს სივრცე, რათა არ იყოს გამოყენებული ეს ჩანაწერი დამატებითი პოლარიზაციისთვის. ყველაფერს უნდა მოეფინოს ნათელი და ამ კუთხით მნიშვნელოვანია როგორც პრემიერის წერილი, ასევე მნიშვნელოვანი იქნება ურსულა ფონ დერ ლაიენის პასუხი ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, აღნიშნულ რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს.

„ჩვენთვის რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს ერთი მარტივი მიზეზის გამო. ეს  რეზოლუცია არის აბსოლუტურად უსამართლო. უსამართლო. როდესაც რეზოლუცია საუბრობს იმაზე, რომ უნდა გათავისუფლდნენ სააკაშვილი და გვარამია, უნდა დაისაჯოს ივანიშვილი, იქ რა თქმა უნდა, ჩალის ფასი ექნება მხოლოდ. როგორც რეზოლუცია, ასევე ევროკომისიის შეფასების ჩანაწერი გამოიყენება სპეკულაციებისთვის, ჩვენი ოპონენტებისა და მათი ლობისტების მხრიდან. ამისთვის უნდა მოეფინოს ნათელი ყველაფერს, მათ შორის იმ ჩანაწერს. ივანიშვილს არავის დაცვა არ სჭირდება, თავად შეუძლია. ჩვენ გვჭირდება სახელმწიფო მმართველობის სისტემის პრესტიჟის დაცვა. როდესაც საუბრობენ არაფორმალურ მმართველობაზე, ოლიგარქიულ მმართველობაზე, ამით ზიანს აყენებენ მმართველობის სისტემას, რომელიც მოქმედებს საქართველოში და ეს არის ჩვენი, პრემიერის, თითოეული ჩვენგანის ღირსების საქმე, რომ არავის მივცეთ ასეთი დარტყმის მიყენების საშუალება ჩვენი მმართველობის სისტემაზე. აქ არის საუბარი მარტივ სიყალბეზე. როდესაც ვიღაც ამბობს, რომ ქვეყანა იმართება არა კონსტიტუციური სისტემის საფუძველზე, რომელსაც წარმოადგენს პრემიერი, მთავრობა, პარლამენტი და ა.შ, არამედ იმართება ოლიგარქიული პრინციპით, ეს არის ჩვეულებრივი ხრიკი და ამ ხრიკისგან გამიჯვნა მნიშვნელოვანია, მათ შორის ევროპული კომისიის მხრიდან“, – განაცხადა კობახიძემ.

,,ევროპარლამენტის რეზოლუციის ჩანაწერები საქართველოში მოქმედი მმართველობის სისტემის დისკრედიტირებას ისახავს მიზნად”- ირაკლი ღარიბაშვილი – (mcm.ge)

მსგავსი თემები