,,რაც ევროპარლამენტის რეზოლუციაში არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით ჩაიწერა, სრული სიყალბეა”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,ევროპარლამენტის რეზოლუციის აღნიშნული ჩანაწერები არ ეფუძნება არავითარ დასაბუთებას და საქართველოში მოქმედი მმართველობის სისტემის დისკრედიტირებას ისახავს მიზნად,”- ამის შესახებ  საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის გაგზავნილ წერილშია ნათქვამი.

პრემიერის განცხადებით,  9 ივნისს ევროიპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციაში არსებული ჩანაწერები არ ეფუძნება არავითარ დასაბუთებას და საქართველოში მოქმედი მმართველობის სისტემის დისკრედიტირებას ისახავს მიზნად.

„რეზოლუციაში გამოთქმულია შეშფოთება „დესტრუქციული როლის გამო, რომელსაც ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში ასრულებს, აგრეთვე მის მიერ ხელისუფლებასა და ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე განხორციელებული კონტროლის გამო, მათ შორის ისეთ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურ დევნას უკავშირდება“. რეზოლუციაში, ასევე, გამოთქმულია შეშფოთება „კრემლთან ივანიშვილის პირადი და საქმიანი კავშირების გამო, რაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მიმართ საქართველოს მოქმედი ხელისუფლების პოზიციას განაპირობებს“. გარდა ამისა, რეზოლუცია მოუწოდებს ევროპულ საბჭოს და დემოკრატიულ პარტნიორებს, “განიხილონ ივანიშვილის მიმართ პერსონალური სანქციების დაკისრების საკითხი იმ როლის გამო, რომელიც მან საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში შეასრულა“.

ევროპარლამენტის რეზოლუციის აღნიშნული ჩანაწერები არ ეფუძნება არავითარ დასაბუთებას და საქართველოში მოქმედი მმართველობის სისტემის დისკრედიტირებას ისახავს მიზნად. ოპონენტებს არასოდეს წარმოუდგენიათ პოლიტიკაში თუ მართლმსაჯულებაში ბიძინა ივანიშვილის ჩარევის არც ერთი ფაქტი, ის საქართველოში აღარ აწარმოებს ეკონომიკურ საქმიანობას, არ არსებობს რუსეთთან მისი პირადი თუ საქმიანი კავშირის რაიმე პრეცედენტი. შესაბამისად, ყველაფერი, რაც რეზოლუციაში არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით ჩაიწერა, სრული სიყალბეა.

გასაგებ მიზეზთა გამო, ამ წერილში არ შევჩერდები ბიძინა ივანიშვილის გამორჩეულ წვლილზე 2012 წელს საქართველოში არადემოკრატიული მმართველობის დასრულებასა და 2012 წლიდან ქვეყნის ფუნდამენტური დემოკრატიული წინსვლის უზრუნველყოფაში. ყურადღებას გავამახვილებ მხოლოდ ყოვლად დაუსაბუთებელ ბრალდებაზე არაფორმალური მმართველობის შესახებ, რომელიც პირადად ჩემთვის განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია. საუბარი იმაზე, რომ მთავრობა რეალურად არა პრემიერ-მინისტრის, არამედ პოლიტიკიდან წელიწად-ნახევრის წინ საკუთარი ნებით გასული ადამიანის მიერ იმართება, შეურაცხმყოფელია პირადად ჩემთვის და ჩემი ქვეყნისთვის.

გარდა ამისა, რეზოლუციის ჩანაწერები გამოიყენება ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მიერ საქართველოში პოლარიზაციის კიდევ უფრო გასაღრმავებლად და შესაბამისად, ჩემი ქვეყნისთვის ამ თვალსაზრისითაც პრობლემურია.

ასევე, რეზოლუცია პირდაპირ იქნა გამოყენებული შვეიცარიული ბანკის მიერ ბიძინა ივანიშვილის ფინანსური გადარიცხვების შესაჩერებლად. შესაბამისად, ბანკი ევროპარლამენტის დოკუმენტს იყენებს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის კანონიერი უფლებების შესალახად, რაც ასევე, ქვეყნის დისკრედიტაციას ახდენს“, – ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის წერილში.

,,ევროპარლამენტის რეზოლუციის ჩანაწერები საქართველოში მოქმედი მმართველობის სისტემის დისკრედიტირებას ისახავს მიზნად”- ირაკლი ღარიბაშვილი – (mcm.ge)

მსგავსი თემები