“სკოლებში კორუფციის დაბრუნების შესაძლებლობებიც უნდა გავითვალისწინოთ” – მარიამ ჯაში

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშის განცხადებით, მასწავლებლების ხელფასები აუცილებლად უნდა გაიზარდოს, რათა მასწავლებლებს სკოლის პარალელურად კერძო გაკვეთილებზე სიარული არ დასჭირდეთ.

​როგორც მარიამ ჯაშმა “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა, სკოლები დამოუკიდებლები იქნებიან მოსწავლეების შეფასებისას.

“მე-12 კლასის გამოცდების გაუქმების შედეგად, მოსწავლის აკადემიური შეფასება სავარაუდოდ, უშუალოდ სკოლის შეფასებებს დაეყრდნობა, ისევე, როგორც კლასიდან კლასში გადასასვლელი შეფასების სისტემა.  ამდენად სკოლას მიენიჭება მეტი ავტონომია და დამოუკიდებლობა მოსწავლეების შეფასების, რაც ერთი მხრივ კარგია, თუმცა ბუნებრივია ჩვენ უნდა დავიცვათ მოსწავლეთა უფლებები, რომ მათი შეფასება მოხდეს ობიექტურად. სკოლების ადმინისტრირება უფრო კარგი მეთოდით ხდება და შესაბამისად მე ვფიქრობ, რომ სკოლები შეძლებენ ობიექტური და ეფექტიანი შეფასების სისტემის დანერგვას,” – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მისი აზრით, მოსწავლის შეფასებისას, კორუფცია ერთ-ერთ პრობლემად შეიძლება მივიჩნიოთ, თუმცა ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული იმისთვის, რომ მინიმუმამდე შემცირდეს აღნიშნული რისკი.  

დეპუტატის აზრით, აქცენტი უნდა გაკეთდეს განათლების პროცესზე, მასწავლებლების მოტივაციაზე, მათ შორის ფინანსური კუთხითაც, რომ მასწავლებლები არ იდგნენ იმ აუცილებლობის წინაშე, რომ მათ სკოლის პარალელურად უწევდეთ კერძო გაკვეთილების ჩატარება. 

მსგავსი თემები