მმართველი გუნდი პარლამენტის რიგგარეშე სესიას არ დაესწრება

მართალია, პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომას მწვანე აუნთო და შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა თუმცა, მმართველი გუნდი არ აპირებს რიგგარეშე სხდომაში მონაწილეობა მიიღოს.

„ქართული ოცნება“ შოუში მონაწილეობას არ აპირებს“  – ასეთია მმართველი გუნდის წევრის, ანრი ოხანაშვილის განცხადება.

„12 პუნქტიდან პირველი მიუთითებს იმაზე, რომ საჭიროა მხარეებმა დეპოლარიზაციაზე იმუშაონ. ამის მთელი არსი ისაა, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა შეძლონ, ერთმანეთთან დასხდომა, მუშაობა, საკითხების განხილვა და მომზადება. მივიღეთ რა – საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც თვითონ საუბრობს ხოლმე შერიგებაზე, დეპოლარიზაციაზე, ახლა არის ინსტრუმენტი და ხელს უწყობს, რომ ამ ყველაფერმა, იმის მიუხედავად, რომ საკითხებს, რომელიც ჯერ ჩვენ უნდა განგვეხილა მრგვალ მაგიდასთან, გვემსჯელა და ისე გაგვეტანა პლენარულ სხდომაზე, პოლიტიკური სახე მიიღოს და მხარეებს მიეცეთ პოლიტიკური ტრიბუნა, რათა პოლიტიკური შეფასებები გაკეთდეს“ აცხადებს დეპუტატი.

მისი თქმით, სამუშაო პროცესს პარლამენტის სხდომის ჩანიშვნა არ სჭირდება. ეს რომ საჭირო ყოფილიყო, მათ ვერავინ დაასწრებდა.

„ქართული ოცნების“ გუნდი ამ შოუში მონაწილეობას არ მიიღებს. ვაგრძელებთ მუშაობას 12 პუნქტის თითოეულ პუნქტზე და ველოდებით ოპოზიციას მომდევნო კვირას, ანტიოლიგარქიული საკითხების განხილვისთვის შესაბამის ფორმატში“,- აცხადებს ოხანაშვილი.

„ბულინგით და ზეწოლით ხელს არაფერს ვაწერ“ – პრეზიდენტის საგანგებო განცხადება

მსგავსი თემები