,,ეს შეშფოთების საკითხად რჩება ყველა ჩვენგანისთვის, ვინც მიისწრაფვის თავისუფალი და ღია საზოგადოებისკენ საქართველოში”- კელი დეგნანი ფარულ მოსმენებზე

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი „უცნობის“ მიერ გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. ელჩის განმარტებით, სწორედ ამიტომ საელჩომ პარლამენტს მოუწოდა, გადადოს მოსმენების შესახებ ბოლო კანონის დამტკიცება.

„სწორედ ამიტომ ჩვენ საკანონმდებლო ორგანოს მოვუწოდეთ, გადადოს მოსმენების შესახებ ბოლო კანონის დამტკიცება, რომელიც არ შეესაბამებოდა საუკეთესო პრაქტიკას ან ევროკავშირის კანონმდებლობას. სწორედ ამიტომ ჩვენ კვლავ მოვითხოვთ სრულ გამოძიებას შემოდგომას გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, რომლებიც ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის, დიპლომატებისა და სხვების მოსმენას ეხებოდა. ასე რომ, ვფიქრობ, ეს შეშფოთების საკითხად რჩება ყველა ჩვენგანისთვის, ვინც მიისწრაფვის თავისუფალი და ღია საზოგადოებისკენ საქართველოში, სადაც ადამიანები არ უნდა ღელავდნენ ისეთი მოსმენების გამო, როგორიც ხდება ზოგიერთ მეზობელ ქვეყანაში“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ელჩის თქმით, მედიის თავისუფლება არის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტი აშშ-ის საელჩოსთვის და ზოგადად, ნებისმიერი დემოკრატიისთვის.

„მედიის თავისუფლება არის ძალიან მნიშვნელოვანი აშშ-სთვის. მიმდინარე კვირის დასაწყისში შევხვდი ჟურნალისტიკის ეთიკის ქარტიის წარმომადგენლებს საქართველოში მედიის თავისუფლების წინაშე არსებულ გამოწვევებზე სასაუბროდ. ეს იყო ძალიან კარგი აზრთა გაცვლა, ასევე ძალიან გამომაფხიზლებელი შეჯამება იმ ზეწოლასთან დაკავშირებით, რომელსაც საქართველოში ჟურნალისტები განიცდიან, მათ შორის თავდასხმებსა და შევიწროებას, რაც მუშაობს საქართველოს მოქალაქეების ინტერესების საწინააღმდეგოდ. ერთადერთი გზა, რომ საქართველოს მოსახლეობამ, საქართველოს მოქალაქეებმა მიიღონ ზუსტი ახალი ამბები, არის ის, რომ ჟურნალისტებმა შეძლონ გარეთ გასვლა და ამბების გაშუქება თავდასხმის, შევიწროებისა და დაშინების, შიშის გარეშე. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ მედიის თავისუფლება არის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტი აშშ-ის საელჩოსთვის და ვფიქრობ, ეს უნდა იყო მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ნებისმიერი დემოკრატიისთვის“, – განაცხადა დეგნანმა.

მსგავსი თემები