“მე-12 კლასის მოსწავლეები თანაბარ პირობებში უნდა იყვნენ” – მარიამ ჯაში გამოცდების შესახებ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში არ იზიარებს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ბატიაშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ 2019 წელს, მე-12 კლასის გამოცდები ერთჯერადად უნდა ჩატარდეს.

​როგორც მარიამ ჯაშმა “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა, ამ მიდგომით მოსწავლეებს არათანაბარ პირობებში ვაყენებთ.

“სათანადო არგუმენტები ვერ მოვისმინე ერთ-ერთი მთავარ კითხვაზე. თუ კი მე-11 და მე-12 კლასის საატესტატო გამოცდებს 2020 წლიდან ვაუქმებთ, ხოლო წელს ვაუქმებთ მე-11 კლასის გამოცდებს, რატომ ვტოვებთ მე-12 კლასის გამოცდებს? მიმაჩნია, რომ მოსწავლეებს არათანაბარ მდგომარეობაში ვაყენებთ. მე-11 კლასის გამოცდების გაუქმებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება საბოლოო თუ არის, აუცილებლად უნდა გავრცელდეს იგივე რეგულაცია მე-12 კლასზეც”, –  განაცხადა მარიამ ჯაშმა.

​მისი ინფორმაციით, თებერვლის შუა რიცხვებში გაიმართება პარლამენტის განათლების კომიტეტის გასვლითი სხდომა, სადაც დეპუტატები ყველა იმ რეგულაციაზე იმსჯელებენ, რომელიც მოჰყვება დაანონსებულ ცვლილებებს.

“13 -დან 15 თებერვლამდე გვაქვს კომიტეტის გასვლითი სხდომა, სადაც განვიხილავთ 2019 წლის საკანონმდებლო და საპარლამენტო ზედამხედველობის გეგმას, ანუ წლის განმავლობაში რა პრიორიტეტებზე იმუშავებს კომიტეტი. ამ შეხვედრას დაესწრებიან მინისტრი მოადგილეები და სიპის ხელმძღვანელები. აღნიშნული მნიშვნელოვანი ცვლილებების დაანონსების შემდეგ, დეტალური განვიხილავთ ყველა იმ რეგულაციას, რომელიც მოჰყვება აღნიშნულ ცვლილებებს,” – განაცხადა მარიამ ჯაშმა “მედიაცენტრ მთავარში”.

მსგავსი თემები