,,ვინც ოპოზიციიდან პარლამენტში არ დადის, ბოიკოტს და საბოტაჟს უცხადებს ევროინტეგრაციის პროცესს”- გურამ მაჭარაშვილი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის,  გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ოპოზიცია პარლამენტში მოსვლის მიზეზებს თუ ეძებს, ამისთვის ნამდვილად არ არის საჭირო რიგგარეშე სესიის მოწვევა.

მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა  ხანდახან რეგლამენტიც უნდა წაიკითხონ.

„ჩვენ პარლამენტში დავდივართ და სხვადასხვა ჯგუფში ვმუშაობთ. ამ ეტაპზე ისეთი საკითხი არ არის, რომელსაც რიგგარეშე სესიის მოწვევა სჭირდება. ტრაგიკომედია სწორედ იმაშია, რომ ვინც ოპოზიციიდან არ დადის, ბოიკოტს და საბოტაჟს უცხადებს ევროინტეგრაციის პროცესს, 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებას, ისინი ითხოვენ რიგგარეშე სესიის მოწვევას, თანაც ისეთ საკითხებზე, რომლის განხილვაშიც თავად ამბობს, რომ არ მიიღებს მონაწილეობას. რეალურად ოპოზიციამ ასეთი ტრაგიკომედიური სურათი შექმნა. ჯერ მაინტერესებს პრეზიდენტის ლეგიტიმაციას აღიარებენ თუ არა, პარლამენტის ლეგიტიმაციას აღიარებენ თუ არა. ამ დროს ამბობენ, რომ ჩვენ მივმართავთ არალეგიტიმურ პრეზიდენტს იმისთვის, რომ არალეგიტიმურმა პარლამენტმა რიგგარეშე სხდომა მოიწვიოს, სადაც განიხილება ის საკითხები, სადაც ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ. ასეთი მოთხოვნა აქვს რადიკალურ ოპოზიციას. ამბობენ, რომ სხდომათა დარბაზში თუ ფიზიკურად არ შევიდნენ, როგორც პარლამენტის წევრები, ისე ვერ მუშაობენ, ესეც რადიკალური ოპოზიციის ახალი აღმოჩენაა. მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებიც ჯერჯერობით ამ ეტაპზე არ არის განხილული კომიტეტში. თუ საკითხი კომიტეტში განხილული არ არის, ასეთი საკითხი სესიაზე არ განიხილება. რადიკალურმა ოპოზიციამ ხანდახან რეგლამენტიც უნდა წაიკითხოს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მსგავსი თემები