„ევროკავშირში გაწევრიანება ერთ ღამეში არ ხდება, ყველაფერი საქართველოს ხელშია“ – კარლ ჰარცელი

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად დროა  საჭირო და ეს ერთ ღამეში არ ხდება. როგორც ევროპელი დიპლომატი აცხადებს, სტატუსის მისაღებად სიღრმისეული მუშაობაა საჭირო და ყველაფერი საქართველოს

ხელშია. „ევროკავშირში გაწევრიანება ერთ ღამეში არ ხდება. ის  წლების განმავლობაში გაწერილი, დეტალურიპროცესია და მოიცავს სიღრმისეულ მუშაობას, წევრობისთვის დადგენილი ყველა კრიტერიუმის მიმართულებით.გაწევრიანების ტემპი დამოკიდებულია რეფორმების პროცესში წინსვლაზე, უპირველეს ყოვლისა, ფუნდამენტურ სფეროებში, რომლებიც დაკავშირებულია ევროკავშირის ძირითად ღირებულებებთან,მათ შორის, კანონის უზენაესობასთან, დემოკრატიულ ინსტიტუტებთან და ადამიანის უფლებებთან ყველასთვის, გამონაკლისის გარეშე.

ამჟამად, ევროკავშირმა საქართველოს შესთავაზა, დაიწყოს მუშაობა ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 12 პრიორიტეტზე, კანდიდატის სტატუსის მისაღებად და ამ   პროცესის წარმატებით გასაგრძელებლად“ – აცხადებს ელჩი.

მისივე შეფასებით, მკაფიო ვადები, საქართველო უფრო ადრე მიიღებს სტატუსს თუ თურქეთი, განსაზღვრული არ არის.

„წინასწარ განსაზღვრული მკაფიო ვადები რომელიმე პოტენციური კანდიდატის, ან ამჟამინდელი კანდიდატი ქვეყნისთვის არ არსებობს. ის ტემპი, რომლითაც საქართველო  წინსვლას შეძლებს, საქართველოს ხელისუფლების ხელშია. ევროკომისიის მოსაზრებაში განსაზღვრულია შემდგომი ნაბიჯები და ძირითადი პრიორიტეტები, რომლებზეც უნდა მოხდეს რეაგირება და რომელთა შესრულება სავსებით შესაძლებელია. ევროპული გზა რჩება დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესად, რომელიც  ზედმიწევნით მიყვება საკვანძორეფორმების განხორციელებისას მიღწეულ პროგრესს. წევრობისკენ მოკლე გზა არ არსებობს: მხოლოდ ხელშესახები პროგრესი იქნება პროცესში წარმატებული წინსვლის საწინდარი. გადაწყვეტილებები, რომელსაც ევროკავშირი სამომავლო ნაბიჯებთან დაკავშირებით მიიღებს, კვლავაც მისი წევრი სახელმწიფოების ხელშია და მათი მისაღებად – პროცედურის მიხედვით – ერთსულოვნება აუცილებელია“ – აცხადებს კარლ ჰარცელი.

მსგავსი თემები