“ძალიან ვწუხვარ, როდესაც ვხედავ მათ, ვინც ასეთი ცრუ განცხადებების გაკეთებას ცდილობს” – კარლ ჰარცელი

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი საქართველოსთვის ეროკავშირის კანდიდატის სტატუსის არმინიჭებასთან დაკავშირებით კითხვებს პასუხობს. ერთ-ერთი კითხვა, რომელიც ჰარცერმა მიიღო, შემდეგია: შეესაბამება თუ არა სიმართლეს განცხადებები, რომ დასავლეთს სურს, ნახოს საქართველო რუსეთ-უკრაინის ომში ჩათრეული და რომ სწორედ ამან მოახდინა ზეგავლენა ევროკომისიის მოსაზრებაზე?

როგორც ელჩი აცხადებს, ეს კატეგორიული სიცრუეა.

„კატეგორიულად არ შეესაბამება. გულწრფელად ძალიან ვწუხვარ, როდესაც ვხედავ მათ, ვინც ასეთი ცრუ განცხადებების გაკეთებას ცდილობს, ევროკავშირისა თუ აშშ-ის მიმართ. ყველამ დაინახა, თუ როგორ თავდაუზოგავად მუშაობს ევროკავშირი, პარტნიორებთან ერთად, რუსეთის მხრიდან უკრაინაში არაპროვოცირებული და გაუმართლებელი ომის პირველივე დღიდანვე, ამ სისასტიკის დასასრულებლად და უკრაინასა და მის მოსახლეობაში მშვიდობის დასამყარებლად. არც აქამდე ყოფილა ასეთი სურვილი და არც მომავალში დადგება ისეთი მომენტი, როდესაც ევროკავშირი ამ ომის შემდგომ გავრცელებას მოინდომებს“ – აცხადებს ელჩი.

კარლ ჰარცელის შეფასებით, არც სამხედრო ოპერაციების მიმდინარეობა-არმიმდინარეობაა კავშირში სტატუსის არმინიჭებასთან.

„ევროკომისიამ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა მათი დამსახურებების მიხედვით და დადგენილ კრიტერიუმებზე დაყრდნობით შეაფასა. ამ კრიტერიუმებს შორის ნამდვილად არ არის სამხედრო ოპერაციების მიმდინარეობა ქვეყნის დამოუკიდებლობის პირველი დღეებიდანვე, ევროკავშირი საქართველოს ძლიერი პარტნიორია. ბოლო ათწლეულების განმავლობაში, საქართველოს ევროპულ გზაზე წინსვლაში დასახმარებლად, ჩვენ დიდი ფინანსური და ადამიანური რესურსი ჩავდეთ. და, სულ ახლახან, ევროკავშირმა ოფიციალურად აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა, რაც დიდი მიღწევაა. ის შემდგომი ნაბიჯების საფუძვლად უნდა გამოვიყენოთ“ – აცხადებს ელჩი.

მსგავსი თემები