საგარეო უწყებაში განმარტავენ, თუ რატომ არ შეუერთდა საქართველო უკრაინის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სარჩელს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, თუ რატომ არ შეუერთდა საქართველო უკრაინის მიერ რუსეთის წინააღმდეგ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში შეტანილი სარჩელს.

საგარეო უწყების განმარტებით, საქართველოს თავად აქვს სარჩელები შეტანილი რუსეთის წინააღმდეგ სხვადასხვა საერთაშორისო სასამართლოებში და ასეთი ვალდებულების აღებამ, შესაძლოა აღნიშნული პროცესები დააზარალოს.

„ამ მხრივ ნიშანდობლივია, რომ საქართველომ 2022 წლის მარტში 39 სხვა სახელმწიფოსთან ერთად მიმართა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორს გამოძიების დაწყების შუამდგომლობით. გამოძიება დაწყებულია და აქტიურად მიმდინარეობს. ეს განცხადება ეხება ჰააგაში მდებარე მეორე სასამართლოს – მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს (ICJ), სადაც უკრაინის მხარდამჭერ განცხადებას საქართველო უკვე მიუერთდა 2022 წლის მაისში. ეს კონკრეტული შემთხვევა წარმოადგენს ჩვეულ სამუშაო პროცესს, სადაც საქმე ეხება ამ სამართლებრივ პროცესში საქართველოს პოტენციურად მესამე მხარედ ჩართვას და შესაბამისი ვალდებულებების აღებას („აღნიშული დეკლარაციის ხელმომწერები, რომლებიც არიან გენოციდის შესახებ კონვენციის მხარეები, გამოხატავენ განზრახვას ჩაერთონ აღნიშნულ პროცესში“). გამომდინარე ფაქტიდან, რომ საქართველოს თავად აქვს სარჩელები შეტანილი რუსეთის წინააღმდეგ სხვადასხვა საერთაშორისო სასამართლოებში, ასეთი ტიპის ვალდებულებების წინასწარ აღებამ შესაძლოა, გავლენა იქონიოს საქართველოს მიერ წარმართულ პროცესებზე, რაზეც საქართველოს მიმართული აქვს მაქსიმალური ძალისხმევა. საქართველო კვლავ გააგრძელებს საერთაშორისო საზოგადოებასთან ჩართულობით საერთაშორისო ორგანიზაციებში უკრაინის აქტიურ მხარდაჭერას“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

შეგახსენებთ, 40-ზე მეტი ქვეყანა ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, რომელიც  უკრაინის მიერ რუსეთის წინააღმდეგ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში შეტანილი სარჩელის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს. ხელმომწერი ქვეყნები მიესალმებიან უკრაინის ძალისხმევას, უზრუნველყოს საერთაშორისო სამართლის პატივისცემა.

,,რუსეთმა თავისი ქმედებების გამო პასუხი უნდა აგოს”- 40-ზე მეტი ქვეყანა ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

მსგავსი თემები