,,ექვსი თვეც მალე გავა და ერთი წელიც, მაგრამ რეკომენდაციები უნდა შესრულდეს”- ლევან იოსელიანი

ევროკომისია საქართველოს მიერ 12 პუნქტის შესრულების შესახებ შეფასებას 2023 წლისთვის მოამზადებს – აღნიშნულ გადაწყვეტილებას პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ლევან იოსელიანი ეხმიანება.

იოსელიანის განცხადებით, ექვს თვეში ასე მარტივად ვერ მოვაგვარებთ იმ პრობლემებს, რაც 30 წელში ვერ მოვაგვარეთ. მისივე თქმით, გარანტია იმისა, რომ ოპოზიცია და ხელისუფლება ერთ წელში ყველაფერზე შეთანხმდება არ არის.

„როგორც ჩანს, ევროპაში დაინახეს, რომ მოკლე ვადაში შეთანხმების რესურსი არ არის და ეს ვადა გამოყენებული უნდა იყოდ წნეხისთვის. ექვსი თვეც მალე გავა და ერთი წელიც, მაგრამ რეკომენდაციები უნდა შესრულდეს. რაზეც ექვს თვეში ვერ შევძლებთ შეთანხმებას, ერთ წელში მასზე შეთანხმების ალბათობა ცოტა მეტია, მაგრამ გარანტია არ არის, რომ ერთ წელში ყველაფერზე შევთანხმდებით. მგონია, რომ ექვს თვეში ასე მარტივად ვერ მოვაგვარებთ იმ პრობლემებს, რაც 30 წელში ვერ მოვაგვარეთ. „ქართული ოცნების“ განცხადებებმა ბოლო პერიოდში ანტიდასავლური ფორმა მიიღო და ეს დასავლეთში ჩვენს მეგობრებს აშფოთებთ. ეს განცხადებები მარტო ოპოზიციისთვის კი არ არის მიუღებელი, მათ მხარდამჭერებსაც კითხვის ნიშნებს უჩენთ, რადგან „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, როგორც პროდასავლური პარტია და დღემდე ასე პოზიციონირებს.

არ ვთვლი, რომ ვინმე საქართველოს ომში ჩართვას ცდილობს და განსაკუთრებით ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები, ვინც მთელი 30 წლის მანძილზე გარანტი იყო ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის. „ქართული ოცნება“ დღეს აჯერებს ამომრჩეველს, რომ ეს ხალხი დაინტერესებულია, საქართველოში დაიწყოს ომი, რაც აბსოლუტური სიბრიყვეა და ამ გაზავნილის ხშირი გამეორება აზიანებს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესს. უნდა გვესმოდეს, რომ ამ ქვეყანას არ აქვს ევროპის, ევროკავშირის და ნატო-ს სხვა ალეტნატივა“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

მსგავსი თემები